Aa
Aa

"მათგან განსხვავებით, ლიგა დამსახურებულად მოვიგეთ" - ჰიონესი რეალს გადაწვდა

მიუნხენის "ბაიერნმა" 23 აგვისტოს ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამასთან დაკავშირებით, "რეკორდმაისტერის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ეს მხოლოდ მოგება არ ყოფილა. ჩვენ მოვიგეთ დამსახურებულად. განსხვავებით სხვა გუნდებისგან, რომლებსაც თამაშგარე მდგომარეობიდან უთვლიდნენ გოლებს, უნიშნავდნენ პენალტებს და ხშირად მსაჯები მათ სასარგებლოდ ცდებოდნენ. ეს ყველაფერი "ბაიერნის" შემთხვევაში არ მომხდარა და კლუბმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა", - განაცხადა ჰიონესმა.

ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რომელ კლუბს გულისხმობდა "რეკორდმაისტერის" ექს-პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, საქმე მადრიდის "რეალს" ეხება. "სამეფო კლუბმა" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო და ამ გამარჯვებების პერიოდში ხშირად ფიგურირებდა მსაჯების შეცდომები.

ყველაზე თვალსაჩინო კი 2017 წლის "რეალი"-"ბაიერნის" მატჩი იყო. "ბლანკოსი" "რეკორდმაისტერს" დაუპირისპირდა და განმეორებითი შეხვედრის დროს, მსაჯებმა კრიშტიანუ რონალდუს ორი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილი გოლი ჩაუთვალეს. შედეგად, "რეალი" მომდევნო ეტაპზე გავიდა. სწორედ ამ მომენტებზე გაამახვილა ყურადღება ული ჰიონესმა ოფსაიდის ხსენებისას.

ასევე დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის დაპირისპირებას. ნახევარფინალში ერთმანეთს კვლავ "რეალი" და "ბაიერნი" შეხვდნენ. პირველი მატჩი "სამეფო კლუბმა" სტუმრად 1:2 გაიმარჯვა. განმეორებით შეხვედრაში იმჟამად ჰაინკესის გუნდი პირველივე წუთებზე კიმიხის გოლით დაწინაურდა, მაგრამ კარიმ ბენზემამ მალევე გაათანაბრა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ჯოშუა კიმიხმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა და მადრიდის "რეალის" ვიცე-კაპიტანს მარსელო ვიეირას ბურთი აშკარად ხელის მტევანზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა, ჩუნეთ ჩაქირიმ ამ ეპიზოდს სრული იგნორი გაუკეთა. საბოლოოდ შეხვედრა 2:2 დასრულდა და ფინალში სწორედ მადრიდელები გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები