Aa Aa
13 აგვისტო 2020  |  16:41

BBC Sport: იუვენტუსმა ბარსელონას რონალდუს ტრანსფერი შესთავაზა!

წამყვანი პორტუგალიური გამოცემა A Bola-ს ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის საკითხს განიხილავს და ამ თემაზე რამდენიმე ევროპულ გრანდთან დაკონტაქტებას გეგმავს.

BBC Sport-ი კი წერს, რომ ერთ-ერთი ის კლუბი, რომელსაც „იუვე“ უკვე დაუკავშირდა და რონალდუს ტრანსფერი შესთავაზა, კატალონიის „ბარსელონაა“. იტალიელებმა „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს კრიშტიანუს თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყებაზე ჩამოუგდეს სიტყვა, თუმცა ჯერჯერობით ესპანელთა პოზიცია უცნობია.

ბრიტანულმა უმსხვილესმა სამაუწყებლო კორპორაციამ აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც BBC Radio-ს ეთერში რონალდუს "იუვენტუსიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლის შესახებ გავლენიანმა ესპანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, გილემ ბალაგიმ ისაუბრა. ბალაგის თქმით, "იუვენტუსთან" კომუნიკაციის შემდეგ კრიშტიანუს აგენტი, ჟორჟე მენდეში სუპერვარსკვლავისთვის ახალ კლუბს ეძებს და ერთ-ერთი ასეთი სწორედ "ბარსელონაა".

იმავე BBC Sport-ის თქმით, „იუვენტუსი“ შემადგენლობაში მასშტაბურ ცვლილებებსა და გუნდის საგრძნობლად გადახალისებას გეგმავს, რადგან ანდრეა პირლო „ვეკია სინიორას“ სრულიად სხვა ბირთვზე აწყობას აპირებს და ამ ბირთვში პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი არ მოიაზრება.

ბოლო კვირებში 35 წლის შემტევი ფრანგულ პსჟ-საც დაუკავშირეს და ასევე არსებობს კიდევ რამდენიმე ევროპული სუპერკლუბი, რომელთაც „იუვენტუსი“ რონალდუს გადაყვანას შესთავაზებს.

ძნელი სათქმელია, რამდენად განიხილავს მესის გუნდი რონალდუს გადაბირებას ან თავად პორტუგალიელი იქ გადასვლას რამდენად მოისურვებს, მაგრამ ფაქტია, თუკი ეს მოხდა, ფეხბურთის გულშემატკივარს სუპერსანახაობა ელოდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ კვირას „იუვეს“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ რონალდუს წასვლა გამორიცხა, თუმცა იქამდეც და მას შემდეგაც პრესა სხვა რამეს ამტკიცებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები