Aa Aa
9 აგვისტო 2020  |  13:42

ჩემპიონთა ლიგა: თბილისის დინამოს მეტოქე ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, თბილისის ''დინამოს'' მეტოქე ალბანეთის ჩემპიონი ''ტირანაა.'' დაპირისპირება ერთმატჩიანია და ''დინამო არენაზე'' 18 ან 19 აგვისტოს უმაყურებლოდ გაიმართება. 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ''ტირანას'' 2003-04 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა. ივო შუშაკის გუნდმა საკუთარ კედლებში 3:0 გაიმარჯვა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა. პენალტების სერიაშია ალბანურმა კლუბმა 4:2 გაიმარჯვა და საქართველოს ჩემპიონი გათამაშებას პირველივე ეტაპზე დაემშვიდობა.

2003 წელს თბილისის ''დინამო'' უეფას სანქციის გამო ალბანეთის ჩემპიონს უმაყურებლოდ უმასპინძლა. ქვემოთ მოცემული ფოტო თბილისში გამართული შეხვედრიდანაა.

ზედა რიგში მარცხნიდან: ირაკლი ზოიძე, გიორგი შაშიაშვილი, ალეკო ამისულაშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან მელქაძე, გიორგი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია. ქვედა რიგი მარცხნიდან: ვლადიმერ ბურდული, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით კვირკველია, ლადო ახალაია

შეგახსენებთ, 2020-21 წლების სეზონის წილისყრამდე თბილისის ''დინამოს'' სავარაუდო მეტოქეები შემდეგი გუნდები იყვნენ: ბელარუსის ჩემპიონი ბრესტის ''დინამო'', ლატვიის ჩემპიონი ''რიგა'', ალბანეთის ჩემპიონი ''ტირანა'' და მაკედონიის ჩემპიონი ''სილეკსი''.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 34 გუნდი მონაწილეობს. წილისყრისას 17 განთესილი იყო და ამდენივე განუთესავი. თბილისის ''დინამო'' განთესილებს შორის მე-17 ადგილზე მოხვდა და შედარებით სუსტი მეტოქის წინააღმდეგ მოუწევს თამაში, თუმცა შესაძლებელი იყო ''დინამოს'' მეტოქე კიდევ უფრო სუსტი გუნდი ყოფილიყო. მაგალითად, უელსის, გიბრალტარის, მალტის, ირლანდიის ან ფარერის კუნძულების წარმომადგენელი.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში