''ლა ლიგაში თამაში დიდი მოვლენაა'' - კაშია ქოჩორაშვილზე და ლაკვეხელიანის ტრანსფერზე
Aa
Aa

''ლა ლიგაში თამაში დიდი მოვლენაა'' - კაშია ქოჩორაშვილზე და ლაკვეხელიანის ტრანსფერზე

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საინტერესო თემებზე ისაუბრა. კაშიამ გიორგი ქოჩორაშვილის ლა ლიგის კლუბში დებიუტი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან დიდ მოვლენად შეაფასა.

კაშია ქოჩორაშვილის შესახებ

''გიორგი ქოჩორაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. იშვიათობაა, რომ ფეხბურთელი პირდაპირ აკადემიიდან აღმოჩნდეს ასეთი დონის ჩემპიონატში. იცით, რომ საკმაო კავშირები გვაქვს ესპანეთთან და სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებთან. როდესაც ესპანეთში გაემგზავრა, ჯერ „ჟირონაში“ იყო, შემდეგ კი „ლევანტეში“. გიორგიმ თავისი შრომით, ბრძოლისუნარიანობით თავი კარგად წარმოაჩინა, რის შემდეგაც შანსი მისცეს პირველ გუნდში თავის დამკვიდრების. ძალიან დიდი მოვლენაა და წარმატებაა მთლიანად ჩვენი ფეხბურთის. ლა ლიგაში რომ ქართველი თამაშობს, საამაყო ფაქტია. ვულოცავ გიორგის ამ წარმატებას. ვიცი, რომ მიღწეულს არ დასჯერდება. მომავალში კიდევ უფრო წინსვლას ვუსურვებ.''

ლაკვეხელიანის ტრანსფერი

 ''მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გვქონდა, გამოჩნდა უნგრეთის რეალური წინადადება და ხელი შევუწყვეთ ფეხბურთელის განვითარებას. ლაკვეხელიანის გამოცდილება კარს მომდგარ ევროტურნირებზე, ძალიან წაგვადგებოდა, თუმცა ისევ და ისევ ფეხბურთელის უკეთეს ხვალინდელ დღეზე გავაკეთეთ აქცენტი. რომ გავიხსენოთ 2018 წელი, როდესაც ჩემპიონები გავხდით, პირველობა ჩვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ხარაიშვილის გარეშე მოვიპოვეთ. ჩავთვალეთ, რომ მისი წინსვლისთვის უკეთესი იქნებოდა კარიერა შვედეთის ერთ-ერთ ტიტულოვან კლუბ “გიოტებორგში” გაეგრძელებინა, რაც ჩვენი აზრით სწორი ნაბიჯი იყო.''

21 წლის მარცხენა მცველი ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრული ''მეზოკოვეშდის'' რიგებში გააგრძელებს. ასე რომ ''საბურთალოს'' ევროპა ლიგაზე ტრავმირებული გიორგი კოხრეიძის მსგავსად ლაკვეხელიანიც ვერ დაეხმარება, რომელიც კარიერაში მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს.

CrystalSport-ის ცნობით ''საბურთალო'' ლაკვეხელიანის სანაცვლოდ დაახლოებით 100 00 ევროს მიიღებს და თუ ''მეზოკოვეშდი'' ქართველს სხვა კლუბში გაყიდის, სატრანსფერო თანხის 30-40 პროცენტი თბილისური კლუბის ანგარიშზე ჩაირიცხება. ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ლაკვეხელიანის ტრანსფერი პსვ-ს ექს-ფეხბურთელის, გოგა გახოკიძის დახმარებით განხორციელდა, რომელიც ამჟამად საფეხბურთო აგენტია.

მასალაში გამოყენებულია ''საბურთალოსა'' და ''ლევანტეს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები