გრაციანო პელე იტალიის ნაკრებიდან მოკვეთეს!
იტალიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრი და შეიძლება ითქვას, ლიდერთაგანი, გრაციანო პელე, გუნდიდან მოკვეთეს.
მიზეზი, ესპანეთთან გუშინდელი მატჩისას მომხდარი ფაქტია, როცა მოედნიდან გასულმა პელემ, იტალიელთა გამოცდილ მთავარ მწვრთნელს, ჯამპიერო ვენტურას, უკმაყოფილების ნიშნად, ხელი არ ჩამოართვა.
როგორც calciomercato.it-ის წერს, ვენტურამ, პელე ნაკრების შეკრებიდან გააძევა და ის მაკედონიასთან შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდება. დამატებითი სანქციების შესახებ კი, იტალიის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტი, უახლოს ხანში იმსჯელებს.
"მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურასა და იტალიის საფეხბურთო ასოციაციას (FIGC) შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გადაწყდა, რომ გუნდის ფეხბურთელი, გრაციანო პელე, გუშინდელ მატჩში გამოვლენილი ცუდი თვისების გამო, შეკრებას დატოვებს და მაკედონიასთან, 9 ოქტომბერს გასამართ მატჩში, მონაწილეობას ვერ მიიღებს".
"იყო იტალიის ნაკრების წევრი, ნიშნავს პატივს სცემდე თანაგუნდელებს, სამწვრთნელო შტაბსა და გულშემატკივრებს. ფეხბურთელს შეუძლია თავის კლუბს დაუბრუნდეს". - ვკითხულობთ იტალიის საფეხბურთო ასოციაციის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიისა და ესპანეთის მატჩი, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით იმართებოდა, ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე" ფრედ, 1:1 დასრულდა.
მომზადებულია calciomercato.it-ის მიხედვით