ბარსას ჩაბარების მხოლოდ 2 კანდიდატი - რატომ იზრდება ბლანის შანსები?
Aa
Aa

ბარსას ჩაბარების მხოლოდ 2 კანდიდატი - რატომ იზრდება ბლანის შანსები?

პანდემიის შემდეგ განახლებულ საფეხბურთო სეზონში ყველაზე მეტ ყურადღებას „ბარსელონა“ იქცევს, თუმცა მათდა სამწუხაროდ ეს დადებითი თვალსაზრისით არ ხდება. კლუბში არეული ვითარებაა. ეს ყველაფერი ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის ღია დაპირისპირებამდეც მივიდა.

საბოლოოდ, „ბარსამ“ ლა ლიგა „ალავესთან“ 5:0-ით დაასრულა და როგორც მალევე გაირკვა, სეტიენი მესის ესაუბრა, სადაც გადაწყდა, რომ ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი ერთ მუშტად შეკრული გავა, მაგრამ რა მოხდება აგვისტოს ბოლოს?

ეს მთავარი კითხვაა. პრაქტიკულად ყველა დარწმუნებულია, რომ კიკე სეტიენი ჩემპიონთა ლიგის დასრულების შემდეგ პოსტს დატოვებს. ამ „ბარსელონასგან“ ლიგის მოგებას არავინ ელის და ასეც, რომ მოხდეს მაინც საეჭვოა სეტიენმა პოსტი შეინარჩუნოს.

ესპანური პრესა წერს, რომ ბართომეუს გუნდი ახალი მწვრთნელის ძიებაშია და ნომერ პირველი კანდიდატი ჩავი ერნანდესია, თუმცა კლუბის ლეგენდას თავისი მოთხოვნები აქვს, რომლის დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კლუბის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია. საუბარია მწვრთნელის მიერ სრულ კონტროლზე, რომელიც სატრანსფერო საკითხებსაც მოიცავს. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ჩავი „ბარსას“ არჩევნების შემდეგ ჩაიბარებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულშია.

ჩავის თავისი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას და ახალი გეგმის განხორციელებას პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი ვიქტორ ფონტი და ჟოან ლაპორტა პირდებიან.

თუ, მოლოდინი გამართლდა და ბართომეუმ ჩავი ვერ დაითანხმა (ან პირიქით), „ბარსას“ რჩება ლორან ბლანის ვარიანტი, რომელიც L’Equipe-ს თქმით ნელ-ნელა უმთავრეს კანდიდატად ყალიბდება.

ფრანგული გამოცემა წერს, რომ ბლანს სავარაუდოდ 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში ახალ გუნდს პრობლემები არ შეექმნას. მათი მთავარი კანდიდატი ხომ ჩავია.

რაც შეეხება ბლანს, მას საკმაო გამოცდილება აქვს. მისი გაწვრთნილი „ბორდო“ ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა. ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი შემდეგ ეროვნული ნაკრების თავკაცი გახდა, მისი მომდევნო გაჩერება კი პსჟ იყო, რომელიც ასევე ბურთის კონტროლზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობდა. 54 წლის სპეციალისტი საკმაოდ ძლიერი ტაქტიკოსი გახლავთ, თუმცა 2016 წლის შემდეგ იგი უმუშევარია.

„ბლაუგრანაში“ დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება დემბელესა და გრიზმანის საკითხი, რომელზეც L’Equipe-ი წერს, რომ ლორან ბლანს თანამემამულეთა პოტენციალის გამოყენების ყველაზე კარგი შანსი ექნება.

ამრიგად, ბლანი, რომელიც „ბარსელონაში“ 1996-97 წლებში თამაშობდა ნელ-ნელა კლუბის ჩაბარების მთავარ კანდიდატად ყალიბდება, თუმცა ამ ეტაპზე გასარკვევია, თუ რამდენად აწყობს მას 1 წლიანი კონტრაქტი, რის შემდეგაც დათხოვნის შანსი საკმაოდ დიდი იქნება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები