Aa
Aa

არის 700! - მესი ფეხბურთის ისტორიის ყველა დროის რეკორდს უახლოვდება

ლიონელ მესიმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გაიტანა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „როხიბლანკოს“ კარი პენალტიდან აიღო და ამით „ბარსელონას“ ძირითად გუნდში 630 გოლი მოაგროვა - 441-ჯერ ლა ლიგაში, 114-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე, 53-ჯერ ესპანეთის თასზე, 14-ჯერ ესპანეთის სუპერ თასზე, 5-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, ხოლო 3-ჯერ ევროპის სუპერ თასზე გაიტანა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, „ალბისელესტეს“ ფორმით 70 ბურთი შეაგდო.

მესიმ აღნიშნული 700 ბურთი მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებში მიითვალა, კიდევ 27 მას არაოფიციალურ ტურნირებსა და მატჩებში აქვს გატანილი. ჯამურად გატანილი 727 გოლით „ლა პულგა“ ფეხბურთის ისტორიის ყველა დროის რეკორდს უახლოვდება.

ამ სპორტის ისტორიაში გატანილი გოლებით ყველა დროის რეკორდსმენი იოზეფ ბიჩანია, რომელიც პროფესიონალურად 1928-55 წლებში ასპარეზობდა და ჯამურად 805 გოლი შეაგდო, რომარიოს აქტივში 772 გოლია, პელე მას 5 ბურთით ჩამორჩება, ფერენც პუშკაშსა და კრიშტიანუ რონალდუს 746-746 გოლი აქვთ, გერდ მიულერს - 735, მის შემდეგ კი მე-7 ადგილზე სწორედ მესის 727-გოლიანი მაჩვენებელია.

დიდი ალბათობით, ლეო უახლოეს პერიოდში ფეხბურთის ისტორიის ერთ მნიშვნელოვან რეკორდს გააუმჯობესებს. როგორც ვთქვით, მას „ბარსას“ მაისურით 630 გოლი მოუგროვდა, ერთი გუნდის რიგებში ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლების რეკორდი კი 643-ია და ის პელეს ეკუთვნის. ლეომ „ბლაუგრანას“ ფორმით პირველი ბურთი 2005 წლის 1 მაისს, „ალბასეტესთან“ შეაგდო.

„ბარსამ“ გუშინდელი თამაშის 2:2 დასრულებით, მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. კატალონიელთა კონკურენტი „რეალი“ ხვალ „ხეტაფეს“ უმასპინძლებს და სხვაობის ოთხ ქულამდე გაზრდას შეეცდება, თავად სეტიენის გუნდი კი შემდეგ ტურში „ვილიარეალს“ სტუმრად შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები