Aa
Aa

ზედრამატული ფინალი - თორნიკე შენგელიას ბასკონია ესპანეთის ჩემპიონია!

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 69-67 იმარჯვა.

მატჩის პირველი მეოთხედი ქულა ქულაში წარიმართა და ვიტორიელთა 1-ქულიანი გამარჯვებით, 17-16 დასრულდა. მეორე ათწუთეულში „ბარსამ“ მოუმატა და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მესამე მეოთხედი უკეთ „ბასკონიას“ კალათბურთელებმა დაიწყეს. შენგელიას ორი უმნიშვნელოვანესი დაფარების წყალობით, ივანოვიჩის შეგირდებმა წინ გასვლა მოახერხეს, მაგრამ „ბლაუგრანამ“ წონასწორობა აღადგინა და მეოთხე მეოთხედის წინ, ტაბლოზე ლოგიკური ანგარიში დაფიქსირდა - 51-51.

როგორც ფინალს შეეფერება, ყველაფერი გადამწყვეტ ათწუთეულში გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, შენგელიამ მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა მიაღებინა და „ბარსელონას“ ლიდერმა პარკეტი ნაადრევად დატოვა, რამაც „ბასკონიას“ უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა.

გამარჯებულის ვინაობა საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე გაირკვა. შეხვედრის დასრულებამდე 3.2 წამი იყო დარჩენილი, როცა ლუკა ვილდოსამ თავის გუნდი წინ გაიყვანა. „ბარსელონამ“ საპასუხო შეტევაში სამქულიანი ისროლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და „ბასკონია“ ჩემპიონი გახდა!

შენგელიამ ვიტორიელთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 33 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და აქტივში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და ამდენივე ჩაჭრა ჩაიწერა. თოკო თავის გუნდში მხოლოდ ლუკა ვილდოსას ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა გაიფორმა და შეხვედრის MVP გახდა!

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები