სტივ ბრიუსი დე ბრუინს გაეხუმრა: „კევინს სიტი მობეზრდა და ნიუკასლში ითამაშებს"
„ნიუკასლის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა კევინ დე ბრუინს მატჩის შემდგომი ინტერვიუ შეაწყვეტინა და იხუმრა, რომ ბელგიელი ნახევარმცველი „სიტის“ დატოვებასა და „ნიუკასლში“ გადასვლას აპირებს.
დე ბრუინი „კაჭკაჭებთან“ ტრიუმფის შემდეგ, ინტერვიუს „ქალაქელთა“ ოფიციალურ არხს აძლევდა, როცა მასთან სტივ ბრიუსი მივიდა, საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა: „კევინი აქ რჩება. ეს ამ საღამოს ნიუკასლიგან ექსკლუზიური ინფორმაციაა. მას მანჩესტერ სიტი მობეზრდა და აპირებს, რომ აქ გადმოვიდეს და ნიუკასლის რიგებში ითამაშოს“.
Hang on a minute there, Steve! ????
— Manchester City (@ManCity) June 28, 2020
???? #ManCity pic.twitter.com/mzu0DTRTjP
შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას გუნდმა „კაჭკაჭები“ 2-0 დაამარცხა. „ქალაქელთა“ მხრიდან ანგარიში სწორედ კევინ დე ბრუინმა გახსნა. ბელგიელმა ნახევარმცველმა „ნიუკასლის“ კარი 37-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო. მეორე ბურთი კი, რაჰიმ სტერლინგმა შეაგდო.
„სიტი“ ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც „არსენალს“ დაუპირისპირდება. მეორე წყვილს რაც შეეხება, იქ საუკეთესოს ვინაობას „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ გაარკვევენ. ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 18 და 19 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა 1-ელ აგვისტოსაა ჩანიშნული.