ვაისი ნინუაზე: ''დიდ გუნდში მიდის და უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია''
Aa
Aa

ვაისი ნინუაზე: ''დიდ გუნდში მიდის და უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნიკა ნინუას შესახებ ისაუბრა. თურქული მედიის ცნობით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი კარიერას ''ბეშიქთაშში'' გააგრძელებს და ადგილობრივმა გამოცემამ, Aspor-მა სლოვაკი სპეციალისტის კომენტარი გამოაქვეყნა.

ვლადიმირ ვაისი: ''ნიკა კარგი ბიჭია. ის ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა. მან ფეხბურთელის კარიერა თბილისის ''დინამოში'' დაიწყო, ამ გუნდის აკადემიაში ირიცხებოდა და შემდეგ პირველ გუნდში დააწინაურეს. ის 16 წლის იყო, როცა მისი თამაში პირველად ვნახე და მას შემდეგ ვაკვირდები. სექტემბერსა და ოქტომბერში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგაზე იასპარეზებს და შესაძლოა ნინუამ ამ თამაშებში მონაწილეობა მიიღოს.

''ბეშიქთაში'' შესანიშნავი გუნდია, ამ გუნდის თამაში გასულ წელს ვნახე, როცა თურქული კლუბი ევროპა ლიგაზე სტუმრად ბრატისლავას ''სლოვანს'' დაუპირისპირდა.

იმედი მაქვს ტრანსფერი სასარგებლო იქნება როგორც ფეხბურთელისთვის და თბილისის ''დინამოსთვის,'' ასევე ზოგადად ქართული ფეხბურთისთვის. როცა ნინუა კონცენტრირებულია, საუკეთესო თვისებებს ავლენს.

თუ ნინუას ''ბეშიქთაშში'' გადასვლა სიმართლეს შეესაბამება, იმედი მაქვს თურქული კლუბისთვის კარგი ტრანსფერი იქნება. ფეხბურთელს ამ დიდებულ გუნდში წარმატებებს ვუსურვებ. ნინუას აქვს უმაღლეს დონეზე თამაშის პოტენციალი. იმედი მაქვს ''ბეშიქთაშში'' ტრანსფერი ფეხბურთელისთვის კარგი კარიერული გადაწყვეტილება იქნება.''

თბილისის ''დინამოს'' კაპიტნის, ნიკა ნინუას გადაბირება სტამბოლის ''ბეშიქთაშს'' 750 000 ევრო დაუჯდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah-ი ავრცელებს, თუმცა სხვა რამდენიმე თურქული წყაროს ცნობით სატრანსფერო თანხა 800 000 ევროს აღწევს. გარდა ამისა, თურქული მედიის ცნობით მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და თითოეულ წელში ნინუა დაახლოებით 350 000 ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები