ნინუა ბეშიქთაშში: რისკიანი ნაბიჯი და თამაში სრულიად განსხვავებულ გარემოში
Aa
Aa

ნინუა ბეშიქთაშში: რისკიანი ნაბიჯი და თამაში სრულიად განსხვავებულ გარემოში

თბილისის ''დინამოს'' კაპიტნის, ნიკა ნინუას გადაბირება სტამბოლის ''ბეშიქთაშს'' 750 000 ევრო დაუჯდა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah-ი ავრცელებს, თუმცა სხვა რამდენიმე თურქული წყაროს ცნობით სატრანსფერო თანხა 800 000 ევროს აღწევს. გარდა ამისა, თურქული მედიის ცნობით მხარეები ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ და თითოეულ წელში ნინუა დაახლოებით 350 000 ევროს მიიღებს.

21 წლის ნახევარმცველი 2016 წლიდან თბილისური კლუბის ღირსებას იცავდა. 2018 წელს ''დინამოს'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. საერთო ჯამში ევროტურნირებზე ''დინამოს'' მაისურით 8 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მას ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია, თუმცა ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობის გამოცდილება აქვს.

''ბეშიქთაშში'' ქართველ ფეხბურთელს რამდენიმე ძალიან ცნობილი სახე დახვდება. მათ შორის არიან კევინ-პრინც ბოატენგი, ადამ ლიაიჩი, მოჰამედ ელნენი, ჯერმეინ ლენსი, დომაგოი ვიდა, ვიქტორ რუიზი და სხვები. ''ბეშიქთაშის'' კაპიტანი ბურაკ ილმაზია. გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგენ იალჩინია, რომელსაც ''ბეშიქთაშში,'' ''ფენერბახჩესა'' და ''ბეშიქთაშში'' უთამაშია, თურქეთის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი ''ბეშიქთაშის'' მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წელს დაინიშნა.

ქართული რეალობიდან გამომდინარე თბილისის ''დინამომ'' სოლიდური ფინანსური სარგებელი მიიღო. მაშინ როცა ყველა ქართული კლუბი სახელმწიფო ბიუჯეტზეა ''ჩამოკიდებული,'' საქართველოდან უცხოეთში წასული ფეხბურთელის წარმატებული თამაში ქართული კლუბების ფინანსური სტაბილურობის წინაპირობაა. თუ გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსად ნინუას ტრანსფერი წარმატებული გამოვა, თბილისის ''დინამოს'' აღზრდილთა მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზდება, რაც კლუბების დამოუკიდებლად არსებობისთვის უმნიშვნელოვანესია.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან თურქეთის სუპერლიგაში ტრანსფერი წინგადადგმული ნაბიჯია. აღნიშნულ ჩემპიონატებს შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთ საუკეთესო თურქულ კლუბში დამკვიდრებისთვის ნინუას ფაქტობრივად ყველა კომპონენტის დახვეწა დასჭირდება. მომავალი აჩვენებს ''დინამომ'' და ფეხბურთელმა რამდენად სწორი არჩევანი გააკეთეს. შესაძლოა, ამ ეტაპზე შედარებით სუსტ გუნდში თამაში სჯობდა და ე.წ. ''ტრამპლინის'' შემდეგ ''ბეშიქთაშის'' დონის გუნდში უფრო ადვილად დამკვიდრდებოდა.

მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგის აუტსაიდერმა გუნდებმა ორი ქართველი ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და ლევან შენგელია დაიმატეს, რომლებიც თურქულ კლუბებს ფაქტობრივად ფორმის პიკში შეუერთდნენ, მაგრამ მათ ტრანსფერებს ისეთივე შთამბეჭდავი გაგრძელება არ მოჰყოლია, როგორც მანამდე იყო. საბა ლობჟანიძე და ლევან შენგელია შესაბამისად ''რანდერსსა'' და თბილისის ''დინამოში'' გაცილებით პროდუქტიულები იყვნენ. გარდა ამისა მათ ნინუასთან შედარებით ზურგს უფრო დიდი გამოცდილება უმაგრებდათ. დღეს მათი გუნდები ელიტაში დარჩენისთვის იბრძვიან, ხოლო ''ბეშიქთაში'' საუკეთესო ხუთეულშია და მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა.

თურქეთის სუპერლიგა საკმაოდ სპეციფიკური ჩემპიონტია, თავის დამკვიდრებისთვის სუფთა საფეხბურთო კუთხით მომზადების გარდა მენტალური მდგრადობაა საჭირო, რადგან თურქი ქომაგი გამარჯვებისას და დამარცხებისას საკმაოდ რადიკალურია. გამარჯვებისას ქომაგებს ფეხბურთელები ცაში აჰყავთ, დამარცხებისას კი მათი პროტესტი ძლიერია. აქედან გამომდინარე ''დინამოს'' ცარიელი სტადიონიდან 41 000-იან Vodafone Park-ზე თამაში ფეხბურთელის ტრანსფორმაციას მოითხოვს და თუ საქართველოს ჩემპიონატში დაშვებულ შეცდომას ტრიბუნიდან უარყოფითი რეაქცია არ მოჰყვებოდა, თურქეთში რადიკალურად განსხვავებული გარემო დახვდება.

კორონავირუსის პანდემიამდე ნიკა ნინუას თამაში ''ბეშიქთაშის'' დონის გუნდში გადასვლის მოლოდინს არ აჩენდა, ის მოედანზე დამაჯერებელი არ იყო და სტაბილურობა აკლდა. დღევანდელი ნიკა ნინუა ''ბეშიქთაშის'' დონის ფეხბურთელი ნამდვილად არაა, თუმცა თუ თურქულ კლუბში კომფორტული გარემო დახვდება და საკუთარ თავზე იმუშავებს, სწრაფი პროგრესის შემთხვევაში არა მარტო ''ბეშიქთაშისთვის,'' საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები