სნეიდერი „რეალში“ გატარებულ წლებზე: „არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა“
Aa
Aa

სნეიდერი „რეალში“ გატარებულ წლებზე: „არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა“

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ვესლი სნეიდერმა „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. სნეიდერმა „სამეფო კლუბზე“ და მადრიდულ ცხოვრებაზე ავტობიოგრაფიულ წიგნში ისაუბრა, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა. მანამდე კი, მის სიტყვებს ნიდერლანდული გამოცემა Voetbal International ციტირებს.

„ახალგაზრდა ვიყავი და წარმატებითა და ყურადღების ცენტრში ყოფნით სიამოვნებას ვიღებდი, თუმცა შემდეგ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა. ნარკოტიკები არ ყოფილა, მაგრამ იყო სასმელი და როკ-ენ-როლი. ყურადღების ცენტრში ყოფნას მივეჩვიე. შენ გეთაყვანებიან, ისე როგორც ნამდვილ კუმირს და ვერ ვიტყოდი, რომ ამ ყველაფერს დიდად ვეწინააღმდეგებოდი.

პირველ მეუღლესთან განშორების შემდეგ მარტო დავრჩი, მაგრამ რატომ უნდა იყო მარტო, როცა გყავს მეგობრები, რომლებთანაც თავისუფალ დროს გაატარებ? ვერ ვაცნობიერებდი, რომ არყის ბოთლი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა.

არიენ რობენი და რუუდ ვან ნისტელროი მეუბნებოდნენ, რომ ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ამბობდნენ, რომ მეტი შემეძლო. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობდი და მეორე დილით ყოველთვის კარგ ხასიათზე ვიღვიძებდი“.

რეალში მეორე და მესამე წელს ბევრს ვთამაშობდი, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავი, სიმწვავე მაკლდა და კონცენტრაციას ვერ ვახდენდი. ჩემი დამოკიდებულება რეალის ღირსი არ იყო. საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა. ფიზიკური კონდიციები გამიუარესდა, მინდორზე ნაკლებს გადავაადგილდებოდი და ბევრ რამეს ტექნიკის წყალობით ვმალავდი“.

შეგახსენებთ, რომ სნეიდერი „რეალის“ ღირსებას 2007-დან 2009 წლამდე იცავდა. კარიერა კი, 2019 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები