„შენს გუნდში აღარასდროს ვითამაშებ
Aa
Aa

„შენს გუნდში აღარასდროს ვითამაშებ" - დაპირისპირება ნდომბელესა და მოურინიოს შორის

ESPN-ის ინფორმაციით, ორშაბათს გამართული ვარჯიშის მიმდინარეობისას „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოსა და ტანგუი ნდომბელეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ამერიკული სატელევიზიო არხის მიხედვით, ფრანგმა ნახევარმცველმა „მოუს“ უთხრა, რომ მის გუნდში აღარასდროს ითამაშებს, რის შემდეგაც მათ საუბარი პორტუგალიელი სპეციალისტის ოფისში გააგრძელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ნახევარმცველს ჟოზეს მხრიდან წამოსული კრიტიკა ყელში ამოუვიდა და სიტყვიერი შელაპარაკება სწორედ ამას მოჰყვა. ნდომბელეს აზრით, მან მოურინიოს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და კორონავირუსის პანდემიისას ფორმაშიც ჩადგა, თუმცა პორტუგალიელის კეთილგანწყობა მაინც ვერ დაიმსახურა. ჟოზე თვლის, რომ ნდომბელე ვარჯიშებისას 100 პროცენტით არ იხარჯება და ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არაა. თანაც „განსაკუთრებული" საკუთარი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებასაც არ ერიდება.

ნდომბელეს აგენტები გამოსავალს ეძებენ. ESPN-ის ინფორმაციით პრაქტიკულად გამორიცხულია მოურინიოსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის ურთიერთობა დალაგდეს და საუკეთესო ვარიანტად ლონდონის დატოვებას განიხილავენ.

ცნობისთვის, ნდომბელეს საკუთარ რიგებში ხილვით პსჟ, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები