''ძალიან საამაყო მომენტია'' - ოფიციალურად ვერნერი ჩელსის ფეხბურთელია
Aa
Aa

''ძალიან საამაყო მომენტია'' - ოფიციალურად ვერნერი ჩელსის ფეხბურთელია

გერმანელი ფორვარდი ტიმო ვერნერი ''ლაიფციგიდან'' ლონდონის ''ჩელსიში'' გადავიდა. ინფორმაცია ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ტიმო ვერნერი ''არისტოკრატების'' ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აცხადებს: ''ჩელსისთან'' კონტრაქტის გაფორმებით მოხარული ვარ. საამაყო მომენტია, როცა კონტრაქტს ისეთ დიდ გუნდთან აფორმებ, როგორიც ლონდონის ''ჩელსია.'' დიდი მადლობა ''ლაიფციგს,'' კლუბის ხელმძღვანელებს და ქომაგებს ფანტასტიკური წლებისთვის. ''ლაიფციგი'' ყოველთვის ჩემს გულში იქნება. მოუთმენლად ველი შემდეგი სეზონის დაწყებას ახალ გუნდთან, ახალ თანაგუნდელებთან და ''ჩელსის'' ქომაგებთან ერთად. წინ ძალიან წარმატებული მომავალი გველის.''

''ჩელსის'' დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ განაცხადა: ''გახარებულები ვართ, რომ ვერნერმა არჩევანი ''ჩელსის'' სასარგებლოდ გააკეთა. მასთან თანამშრომლობა არაერთ კლუბს სურდა. ფეხბურთელს სეზონის დარჩენილ მატჩებში ''ლაიფციგთან'' ერთად წარმატებებს ვუსურვებთ.''

Telegraph-ის ცნობით სატრანსფერო თანხა 47,5 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

2019-20 წლების სეზონი გერმანელი ფორვარდისთვის კარიერაში ყველაზე შედეგიანია. 24 წლის ფორვარდმა ყველა ტურნირის ჩათვლით 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 32 გოლი შეაგდო და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ტიმო ვერნერი ''შტუტგარტის'' აღზრდილია. ფეხბურთის ქომაგებს თავი სწორედ ''შტუტგარტის'' მაისურით გატანილი გოლებით გააცნო. 2013-16 წლებში ''შტუტგარტის'' ღირსებას იცავდა, 2016 წლის ზაფხულში კი კონტრაქტი ''ლაიფციგთან'' გააფორმა.

2017 წლიდან მოყოლებული ვერნერმა გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 29 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები