უხერხული ვითარება - მსაჯმა შავკანიან ფეხბურთელს წითელი ბარათი და შუა თითი უჩვენა
Aa
Aa

უხერხული ვითარება - მსაჯმა შავკანიან ფეხბურთელს წითელი ბარათი და შუა თითი უჩვენა

ევროპის ქვეყნებში ფეხბურთი ნელ-ნელა ბრუნდება. გამონაკლისი არც ლატვიაა, სადაც გუნდებმა ამხანაგური მატჩები გამართეს, რათა სეზონის განახლებას მომზადებული შეხვდნენ.

ერთ-ერთი ამხანაგური შეხვედრა „რიგასა“ და „რფს რიგას“ შორის ჩატარდა და მათი დაპირისპირება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მატჩის მიმდინარეობისას ლატვიელმა არბიტრმა, ანდრის ტრეიმანისმა „რფს რიგას“ შავკანიან ფეხბურთელს, სედრიკ კუადიოს წითელი ბარათი და შუა თითი უჩვენა.

მომხდარის ამსახველი ფოტო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და ლატვიელი მსაჯის ჟესტს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. თანაც ტრეიმანისი ფიფას არბიტრია და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის ერთ-ერთი კანდიდატი გახლავთ. ამ ყველაფერს კი, აშშ-ში განვითარებული მოვლენები დაემატა... 

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილმა დეტალების შესახებ არაფერი იცოდა და ტრეიმანისი მაინც რასისტად შერაცხა... მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ფოტოს გავრცელებიდან გარკვეული დროის შემდეგ, ლატვიელმა მსაჯმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ვითარება განმარტა.

„მატჩის შემდეგ, ბევრმა ადამიანმა დამირეკა და მკითხა ასე რატომ მოვიქეცი. მინდა ყველაფერი აგიხსნათ. იმ მომენტში ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს შუა თითი უჩვენა, რაც წესების მიხედვით, წითელი ბარათით ისჯება. როცა ფეხბურთელს წითელი ბარათი ვუჩვენე, მან ვერ გაიგო რატომ გავაძევე. სწორედ ამიტომ, იძულებული გავხდი მისთვის მისივე ჟესტი გამემეორებინა. მე უბრალოდ ვაჩვენე რა დააშავა".

აღსანიშნავია, რომ მსაჯს მხარი „რფს რიგამაც“ დაუჭირა და განაცხადა, რომ ტრეიმანისი დამნაშავე არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები