შვედეთში გადაწყვეტილება მიიღეს: ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება
Aa
Aa

შვედეთში გადაწყვეტილება მიიღეს: ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყება აპრილში იგეგმებოდა, თუმცა თარიღი არაერთხელ შეიცვალა. ამჯერად, ალსვენსკანის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, თუმცა თავდაპირველად მატჩებს ქომაგები არ დაესწრებიან.

შვედეთში იმედოვნებენ, რომ მცირე ხანში გადაწყვეტილებას შეცვლიან და საფეხბურთო მატჩებს ქომაგები დაესწრებიან. ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ქომაგთა სტადიონზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კლუბის ბიუჯეტზე და ფეხბურთელთა ხელფასებზე აისახება.

საფეხბურთო კლუბი ''გიოტებორგი'' სეზონის განახლებისთვის ემზადება, ამ გუნდის ლიდერი გიორგი ხარაიშვილია. კალენდრის მიხედვით ''გიოტებორგი'' პირველი ტურის მატჩს საკუთარ კედლებში ''ელფსბორგთან'' ჩაატარებს.

ხარაიშვილისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, 29 ივლისს 24 წლის ხდება, შვედეთის ჩემპიონატში შესაძლებლობები ამოწურა და მის კარიერაში ახალი გამოწვევის დროა. 2020 წლის ზაფხულში ხარაიშვილის უფრო მაღალი დონის გუნდში ტრანსფერი მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, 2020 წელს ''გიოტებორგმა'' მხოლოდ სამი ოფიციალური მატჩი გამართა. ხარაიშვილმა შვედეთის თასის სამ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ კორონავირუსის გამო შვედეთის თასისა და ჩემპიონატის შეხვედრები გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები