Aa Aa
17 მაისი 2020  |  15:46

აიაქსი 5:0 პსვ: არველაძის საოცარი გოლი ფინალურ შეხვედრაში

1998 წლის 17 მაისს ჰოლანდიის თასის ფინალში მორტენ ოლსენის გაწვრთნილმა ამსტერდამის ''აიაქსმა'' დიკ ადვოკატის პსვ 5:0 გაანადგურა. ''დე კუიპზე'' ლეგენდარულმა ფინელმა ნახევარმცველმა, იარი ლიტმანენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. სკანდინავიელის გარდა გოლები ტიჯანი ბაბანგიდამ და შოთა არველაძემ გაიტანეს.

გოლების ავტორთა გარდა ფინალურ მატჩში ''აიაქსისთვის'' მიქაელ ლაუდრუპი, ვიჩგე, ძმები დე ბურები, ვან დერ საარი, დენი ბლინდი და სანდი ოლისე თამაშობდნენ.

77-ე წუთზე შოთა არველაძემ ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში ოთხამდე გაზარდა, მან ცნობილ ჰოლანდიელ მეკარეს, იან ვატერეუსს გაუტანა, რომელმაც რეაგირება ვერ მოასწრო, ''გაშეშდა'' და ბურთს თვალი გააყოლა.

მას შემდეგ ზუსტად 22 წელი გავიდა.

1997-98 წლების სეზონი შოთა არველაძის ამსტერდამულ კარიერაში სადებიუტო იყო. ''აიაქსმა'' დუბლი შეასრულა, ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოიგო.

ქართველმა თავდამსხმელმა ჰოლანდიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 25 გოლი შეაგდო და მხოლოდ ''ვიტესის'' გოლეადორ ნიკოს მახლასს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზე 34 გოლია. არველაძისა და მახლასის გოლებს შორის ის განსხვავებაა, რომ ქართველს პენალტის ნიშნულიდან არ გაუტანია, ხოლო ბერძენმა თავდამსხმელმა 5 გოლი თერთმეტმეტრიანით შეაგდო.

ლეგენდარულ ქართველ თავდამსხმელს ჰოლანდიის ჩემპიონატში 25-ზე მეტი გოლი აღარ გაუტანია, თუმცა შოტლანდიიდან დაბრუნების შემდეგ ლუის ვან გაალის ''ალკმაარში'' საკმაოდ წარმატებული წლები გაატარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები