ნასერ ალ-ხელაიფი: „პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს
Aa
Aa

ნასერ ალ-ხელაიფი: „პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს"

რამდენიმე საათის წინ, საფრანგეთის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სექტემბრამდე სპორტული ღონისძიებები არ გაიმართება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო სეზონის განახლება შეუძლებელია.

დღეს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი ამბობს, რომ პარიზული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას გააგრძელებს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა საშინაო მატჩები საფრანგეთის საზღვრებს მიღმა გამართოს.

„მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უეფასთან შეთანხმებით, ვგეგმავთ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა გავაგრძელოთ და ტურნირის დარჩენილ რაუნდებში მონაწილეობა მივიღოთ.

თუ საფრანგეთში მატჩების გამართვა შეუძლებელი იქნება, მზად ვართ შეხვედრების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გავემგზავროთ. ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს გარანტიას მივცემთ, რომ მათი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული“, - განაცხადა ალ ხელაიფიმ RMC SPORT-თან საუბრისას.

უცხოურ პრესაში უკვე წერენ, რომ საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემპიონთა ლიგის განახლება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. როგორც იცით, პსჟ-ს გარდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე „ლიონიც“ ასპარეზობს.

აღსანიშნავია, რომ თუ „ლიონმა“ „იუვეს“ ბარიერი ვერ გადალახა და „პარი სენ-ჟერმენმა“ ქვეყნის საზღვრებს მიღმა თამაშზე თანხმობა ოფიციალურად განაცხადა, შესაძლოა ყველა პრობლემა მოგვარდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები