„არ გვესმის მთავრობამ რატომ მიგვატოვა“ - არგენტინელ ფეხბურთელებს 5 დღეა აეროპორტში სძინავთ
Aa
Aa

„არ გვესმის მთავრობამ რატომ მიგვატოვა“ - არგენტინელ ფეხბურთელებს 5 დღეა აეროპორტში სძინავთ

სამი არგენტინელი ფეხბურთელი, ლეონარდო ხილი, სერხიო ვიტორი და კრისტიან გუანკა 5 დღეა ფრანკფურტის აეროპორტში იმყოფებიან და იატაკზე სძინავთ. ისინი საუდის არაბეთის უმაღლეს დივიზიონში თამაშობენ და კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო, სამშობლოში დაბრუნება მოისურვეს.

მათ ბუენოს აირესში ჩასვლა სან პაულუდან გადაწყვიტეს, მაგრამ არგენტინასა და ბრაზილიას შორის არსებული სამოგზაურო აკრძალვის გამო, ფრენის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვა გახდა საჭირო.

ფეხბურთელებმა დროულად ვერ მიიღეს ნებართვა, რომელსაც მთავრობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით არგენტინის ნაციონალური ფრენების სამსახური გასცემს, რის გამოც გერმანიაში თვითმფრინავზე ასვლის უფლება არ მისცეს. შედეგად, ისინი 5 დღეა ფრანკფურტის აეროპორტში იმყოფებიან და იატაკზე სძინავთ.

„ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. სამარცხვინოა! ბუენოს აირესისკენ ცარიელი თვითმფრინავები მიფრინავენ, რათა არაარგენტინელები სამშობლოში დააბრუნონ, ჩვენ კი, ყურადღებას არავინ გვაქცევს. წარმოდგენა არ გვაქვს მთავრობამ რატომ მიგვატოვა.

როგორღაც სასტუმროს ორი ნომერი აღმოვაჩინეთ და ისინი გუანკას დედასა და შვილებს დავუთმეთ. ჩვენ კი, აეროპორტში გვძინავს. აქ საერთოდ არავინაა“, - განაცხადა ხილმა TNT Sports-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინაში კორონავირუსით ინფიცირების 3288 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულთა რაოდენობა კი, 159-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები