ივანისენია ქართველებზე: ''წარმატებას სიზარმაცის გამო ვერ აღწევენ''
Aa
Aa

ივანისენია ქართველებზე: ''წარმატებას სიზარმაცის გამო ვერ აღწევენ''

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფეხბურთელმა დმიტრო ივანისენიამ, რომელიც ამჟამად ლუგანსკის ''ზორიას'' ღირსებას იცავს, უკრაინულ მედიასთან საქართველოში გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა.

ივანისენია 2018-19 წლებში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ღირსებას იცავდა. 2019 წლის ზაფხულში უკრაინაში დაბრუნდა და ''ზორიას'' მაისური მოირგო, შემდეგ კი ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ეროვნულ გუნდში მიიწვია. ივანისენიამ სადებიუტო მატჩი ლიეტუვასთან ჩაატარა.

football.ua-სთან ინტერვიუში ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: ''უკრაინის ჩემპიონატში შახტარი,'' კიევის ''დინამო'' და ''ზორია'' რომ არ თამაშობდნენ, საქართველოსა და უკრაინის ჩემპიონატები საფეხბურთო დონით იდენტურია?''

ივანისენია:''არა, განსხვავებული ჩემპიონატებია. უპირველესი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში უფრო გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ, მოთამაშეები უფრო მეტად ავლენენ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. შესაძლოა გუნდი ბოლო ადგილზე იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემტევი ფეხბურთის თამაში არ იცის. გუნდების პრობლემები დაცვით ხაზში აშკარად ჩანს. საქართველოს ჩემპიონატში სუსტი დაცვითი ხაზი ბევრი გუნდის პრობლემაა.

უკრაინაში უფრო მეტია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავი ტექნიკური მონაცემები აქვს, თუმცა საქართველოს ჩემპიონატისგან განსხვავებით ასეთი ფეხბურთელები უკრაინაში აქცენტს პასის გაკეთებაზე აკეთებენ და ბურთთან დიდ დროს არ ატარებენ.''

ჟურნალისტის კითხვა:''როგორც ვიცი კიევის ''დინამოს'' ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა მოტივაციისა და დისციპლინის პრობლემა აქვთ. ეს სიმართლეა?''

ივანისენია:''საქართველოში წელიწადნახევარი გავატარე, ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი და მართლაც ნიჭიერი ერია. ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურები და სწრაფები არიან, ორიგინალური მოქმედებებით გამოირჩევიან. მათ კარგ გუნდებში მოხვედრაში ხელს სიზარმაცე უშლით.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები