„ერთხელ გალიაში ვეფხვთან ერთად ჩამკეტა“ - ტაისონის ყოფილი მწვრთნელი
Aa
Aa

„ერთხელ გალიაში ვეფხვთან ერთად ჩამკეტა“ - ტაისონის ყოფილი მწვრთნელი

ლეგენდარული მაიკ ტაისონის ყოფილმა მწვრთნელმა, ჯეფ ფენეკმა განაცხადა, რომ ერთხელ „რკინის მაიკმა” გალიაში ვეფხვთან ერთად ჩაკეტა. ფენეკმა ტაისონის გამოხტომის შესახებ Fox Sports Australia-სთან ისაუბრა.

„პირველად, როცა ტაისონის სახლში მივედი, მას ვეებერთელა ვეფხვი ჰყავდა. მაიკმა დამიჭირა, გალიაში შემიყვანა და ვეფხვთან ერთად ჩამკეტა. გარწმუნებთ, რომ მშიშარა ადამიანი არ ვარ, მაგრამ გალიიდან გამოსვლის შემდეგ, იძულებული გავხდი საცვალი გამომეცვალა“.

ფენეკმა თავისი ქალიშვილის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იყო მომენტი, როცა მას ტაისონის გამო, სკოლაში პრობლემები შეექმნა.

„ერთხელ მე და ჩემი ოჯახი მაიკს ვესტუმრეთ და მის სახლში პატარა პუმა დაგვხვდა, რომელიც აქეთ-იქით დახტოდა. ჩემი უმცროსი ქალიშვილი აღფრთოვანდა და ფოტოები გადაიღო. გარკვეული დროის შემდეგ, როცა ავსტრალიაში დავბრუნდით და სკოლაში წავიდა, თანაკლასელებთან დაიტრაბახა, რომ მაიკ ტაისონს ესტუმრა და პატარა პუმასთან ერთად ითამაშა. რამდენიმე საათის შემდეგ, ჩემს მეუღლეს სკოლიდან დაურეკეს და უთხრეს: „თქვენი შვილი ამბობს, რომ მაიკ ტაისონის სახლში იყო და პატარა პუმასთან ერთად თამაშობდა. სკოლაში გამოგონილი ისტორიების მოყოლა არ შეიძლება“. ჩემი მეუღლე სკოლაში წავიდა, ფოტოები წაიღო და ყველა დაარწმუნა, რომ მისი შვილი სიმართლეს ამბობდა“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ ვეფხვების ყოლა სისულელე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები