მოკრივე, რომელმაც დეონტეი უაილდერი და ოლექსანდრ უსიკი დაამარცხა
Aa
Aa

მოკრივე, რომელმაც დეონტეი უაილდერი და ოლექსანდრ უსიკი დაამარცხა

კლემენტე რუსოს შესახებ კრივის გულშემატკივართა უმრავლესობამ არაფერი იცის, არადა მან სამოყვარულო დონეზე ისეთი მებრძოლები დაამარცხა, როგორებიც დეონტეი უაილდერი და ოლექსანდრ უსიკი არიან.

37 წლის რუსო ამჟამად პოლიციის ოფიცერია. იგი ოლიმპიადის ორგზის ვერცხლისმედალოსანი და 2007 და 2013 წლების სამოყვარულო მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახლავთ. მან საკუთარი ქვეყანა ოლიმპიურ თამაშებზე 4-ჯერ წარადგინა. 2004 წელს იგი ანდრე უარდთან დამარცხდა. 2008 წლის ოლიმპიადა კი, მისი კარიერის საუკეთესო მომენტი იყო.

ბეიჯინგში გამართულ თამაშებზე მან მძიმეწონით კატეგორიაში (რომელიც პროფესიონალურ კრივში პირველი მძიმე წონა გახლავთ) ოლექსანდრ უსიკი და დეონტეი უაილდერი ქულებით დაამარცხა, თუმცა ფინალი რახიმ ჩაკხიევთან წააგო. 2016 წელს, უსიკმა რევანში აიღო და რუსოს ოლიმპიადის ფინალში სძლია.

დევიდ პრაისი იმ მებრძოლთა შორისაა, რომელმაც რუსოს ბარიერი ვერ გადალახა. ბრიტანელმა Sky Sports-თან კლემენტეს შესახებ ისაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ის ტექნიკურად ძლიერი მოკრივე არასდროს ყოფილა და სანახაობრივი ჩხუბი არ ახასიათებდა. იგი უბრალოდ ყველაფერს ეფექტურად აკეთებდა. მისთვის მტკივნეული დარტყმის მიყენება ურთულესი იყო. იგი ფიზიკურად პატარა გახლდათ და შესანიშნავი რეფლექსები ჰქონდა. მას დაცვაში არ უჭირდა, მაგრამ ძლიერი დარტყმით არ გამოირჩეოდა და უცნაური სტილის მიმდევარი იყო.

რუსოს წინააღმდეგ რითმის პოვნა ძალიან რთული გახლდათ, რადგან ის მეტოქისთვის ხელის შესაშლელად ყველაფერს აკეთებდა. როგორც კი, წარმატებულ კომბინაციას განვახორციელებდი, ის მიჭერდა და შემდეგ, მსაჯი გვაშველებდა. მახსოვს, ბრიტანელ მოკრივეებთან ერთად ვიჯექი და ჩემს თავს ვეკითხებოდი: „ეს ბიჭი როგორ იმარჯვებს? რით გამოირჩევა“?

რუსოს პროფესიონალურ დონეზე ბედი არ უცდია. მას შანსი აქვს ოლიმპიურ თამაშებზე მეხუთედ მოხვდეს და თუ მიზანს მიაღწია, ტოკიოს თამაშებზე 39 წლის ასაკში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები