კორონავირუსი - ატლეტიკოს ფეხბურთელები და მწვრთნელები ხელფასებს 70%-ით შეიმცირებენ
Aa
Aa

კორონავირუსი - ატლეტიკოს ფეხბურთელები და მწვრთნელები ხელფასებს 70%-ით შეიმცირებენ

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბის წევრები კლუბში მომუშავე 430 ადამიანის დასახმარებლად ხელფასებს 70%-ით შეიმცირებენ.

„როხიბლანკოს“ ქალთა და ვაჟთა ძირითადი და ბ გუნდების მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ხელი შეთანხმებას მოაწერეს და ანაზღაურების დიდი ნაწილის გაღებაზე თანხმობა განაცხადეს.

მადრიდული კლუბის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ატლეტიკოში“ დასაქმებული ადამიანების ხელფასების ნახევარს ფეხბურთელები დაფარავენ, მეორე ნახევარს კი, - მიგელ ანხელ ხილ მარინი და „როხიბლანკოს“ სხვა მაღალჩინოსნები.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს და მდგომარეობა ძალიან მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 110238 შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსი 26743-მა ადამიანმა დაამარცხა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 10000-ს გადააჭარბა.

აქვე გეტყვით, რომ „ატლეტიკო“ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე მეორე გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ. პირველად ასეთი ნაბიჯი „ბარსელონას“ მოთამაშეებმა გადადგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები