მებრძოლი ბიჭი ამსტერდამიდან | მტკივნეული ისტორია და
Aa
Aa

მებრძოლი ბიჭი ამსტერდამიდან | მტკივნეული ისტორია და "ქამბექის" მოლოდინი

2005 წლიდან 2017 წლამდე მან  ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდებული სკოლის ყველა ასაკობრივი გუნდი გამიარა და შემდეგ პირველი გუნდის წევრიც გახდა.

დე იონგის, ზიეჩის, დე ლიხტის, დოლბერგისა და სხვების მსგავსად აბდელჰაკ ნურიც უნიჭიერესი გახლდათ და ამომავალი ვარსკვლავის სტატუსსაც ატარებდა, თუმცა ცხოვრებაში ხანდახან ისეთი რაღაცები ხდება, რასაც ახსნას ვერ ვუძებნით, თუ რატომ მოხდა ეს და რატომ დაემართა კონკრეტულად ვინმეს.

ეს ისტორია ლამაზად დაიწყო, მაგრამ მტკივნეულად გაგრძელდა, თუმცა ის ჯერ კიდევ გრძელდება და ბრძოლის ნამდვილ მაგალითადაც ყალიბდება...

2017 წლის 8 ივლისს, ამსტერდამის „აიაქსი“ წინსასეზონო მზადებისას ბრემენის „ვერდერთან“ ამხანაგურ მატჩს მართავდა.

შეხვედრის მსვლელობისას, ამსტერდამელთა 20 წლის ჰოლანდიელი შემტევი აბდელჰაკ ნური მოედანზე დაეცა. მასთან ორივე გუნდის მედშტაბის წევრები მიცვივდნენ და დახმარება მაქსიმალურად დროულად აღმოუჩინეს, თუმცა...

ნურის გულის შეტევა ჰქონდა. 13 ივლისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ფეხბურთელს ტვინის შეუქცევადი დაზიანება ჰქონდა, ტვინის დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებდა და მისი აღდგენის შანსები ფაქტიურად ნულს უტოლდებოდა...

1 წლის შემდეგ, 26 ივნისს „აიაქსმა“ დაშვებული შეცდომა აღიარა და განაცხადა, რომ აბდელჰაკ ნურის, გულის შეტევისას, მოედანზე არასრულფასოვანი პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, ვან დერ საარმა, ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

"ვხვდებით, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ჩვენც გვეკისრება. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით, რომ აბდელჰაკმა მოედანზე საუკეთესო პირველადი დახმარება მიიღო. მართალია ამის თქმა დაზუსტებით არავის შეუძლია, მაგრამ ასე რომ მომხდარიყო, მისი ახლანდელი კონდიციები გაცილებით უკეთესი იქნებოდა".

ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაყვანილი. ექიმები მაშინ ამბობდნენ, რომ 20 წლის მოთამაშე ძალიან მძიმე მდგომარეობაში გახლდათ და მისი სრულად გამოჯანმრთელების შანსი თითქმის არ არსებობდა. მედიკოსთა განმარტებით, ნური დამოუკიდებლად სიარულს, ჭამას, საუბარსა და სხვა აქტივობებს ვერ შეძლებდა.

ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნის მე-13 თვეში ნურიმ გამოიღვიძა და თანდათან ახლობლების აღქმა დაიწყო. მისმა ძმამ სოციალურ ქსელში 2018 წლის 22 აგვისტოს წერილი გამოაქვეყნა:

"იგი კომატოზურ მდგომარეობაში იყო და თვალები დახუჭული ჰქონდა, ბოლო პერიოდში კი თანდათან ეტყობოდა, რომ მეთოდურად გამოღვიძების პროცესში გახლდათ.

დეკემბრისა და იანვრის შემდეგ ცნობიერება მიეცა და შედარებით კომუნიკაბელური გახდა. როცა რამეს ეკითხები, პირის გაღებითა და წარბის აწევით განიშნებს, რომ კითხვა გაიგო.

რა თქმა უნდა, მის მდგომარეობას ვხედავ და მეცნიერებისაც მჯერა, მაგრამ თუკი მომავალზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს და სწორედ ის გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ. ჩვენ გვჯერა, რომ აბდელჰაკს ყველაფერი შეუძლია, თანაც დაავადებას გართულებები არ აქვს, ეს კი იმედის დაკარგვის უფლებას არ გვაძლევს.

ნევროლოგიური კუთხით, ახლა ის გაცილებით უკეთესადაა, რასაც მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ვერ ვიტყვი, რადგან ვერ მოძრაობს, ძირითადად საწოლშია და სავარძელში დასაჯდომად იშვიათად დგება.

მთავარი სირთულეები უკვე გამოვიარეთ, მაგრამ მისი იმუნური სისტემა ძალიან დაბალია და მდგობარეობაც ხშირად იცვლება".

ნურის ძმა აბდერაჰიმი სახლთან შეკრებილ აიაქსის ქომაგებს გამხნევებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

თანაგუნდელებზე ნურის ამბავმა მტკივნეულად იმოქმედა. მისმა ახლო მეგობარმა ჯასტინ კლუივერტმა მის მხარდასაჭერად „რომაში“ 34 ნომრიანი მაისური აიღო.

დონი ვან დე ბეეკმა კი გასულ სეზონში ტურინში „იუვენტუსის“ კარში გატანილი გოლი ნურის მიუძღვნა. სიმბოლური იყო, რომ მან ბურთი 34-ე წუთზე გაიტანა. სწორედ ამ ნომრით თამაშობდა აბდელჰაკი ამსტერდამელთა რიგებში.

„როგორც კი გოლი გავიტანე ტაბლოს ავხედე, დავინახე რომ 34-ე წუთი იყო. ვიცოდი, რომ ეს რაღაც განსაკუთრებული მომენტი იყო. ეს არასდროს დამავიწყდება“, - თქვა „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ვან დე ბეეკმა.

ნურის კიდევ ერთი ახლო მეგობარი ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ გადასვლის წინა პერიოდს იხსენებს და ნურის შესახებ უცნობ ისტორიას ყვება:

"როდესაც არჩევანის წინაშე ვიდექი -  პსჟ, თუ "ბარსელონა", ეჭვებმა შემიპყრო. როცა "აპისთან" (ნურის ზედმეტსახელი) ვიყავი, მისი დედა შემოვიდა და კითხა, თუ სად უნდა გადავსულიყავი, შემდეგ კი გუნდების ჩამოთვლა დაიწყო. როდესაც ჰკითხა "უნდა წავიდეს ის "ბარსელონაში"?, "აპიმ" მისი თანხმობას წარბის გამოძრავებით გვანიშნა. ეს, ჩემთვის და მისი ოჯახისთვის ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო."

2020 წლის 26 მარტს კი ნურის ძმამ აბდერაჰიმმა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და საზოგადოებას სასიამოვნო ინფორმაცია მიაწოდა:

„ნური კომაში აღარ იმყოფება. მას ღვიძავს, აცემინებს, ჭამს და აბოყინებს, თუმცა ლოგინიდან ვერ დგება და ჩვენზეა დამოკიდებული.

არის მომენტები, როცა მასთან გარკვეული სახის კომუნიკაციას ვამყარებთ. მაგალითად, ის დასტურს ან წარბებით გვაძლევს, ან ღიმილით. უბრალოდ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ აკეთებს.

აპი იქაა, სადაც უნდა იყოს. ჩვენ ისე ვიქცევით, თითქოს მას არაფერი სჭირს. აპის სისტემატურად ვესაუბრებით, მასთან ერთად ფეხბურთს ვუყურებთ და ა.შ. ხანდახან ვატყობთ, რომ მას ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს. იგი ემოციებს ხშირად გამოხატავს, ზოგჯერ უარყოფითსაც, მაგრამ უმეტესწილად იღიმის ხოლმე, ეს კი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“.

სტუდიაში ნურის მამაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა: „სასწაულების გვჯერა! რთულია, მაგრამ ნურისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

ის, რაც 2 წლის წინ შეუძლებლად მოსჩანდა, დღეს უკვე შესაძლებელია! ნურის ოჯახი მასთან ერთად ბრძოლას განაგრძობს! ფეხბურთი ხომ შეუძლებლისა და წამოუდგენლის რეალობად ქცევას გვასწავლის და ამას ეტაპობრივად გვიმტკიცებს კიდეც - მოდით კიდევ ერთხელ ვირწმუნოთ, რომ ეს მტკივნეული ისტორია დიდი „ქამბექით“ დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები