''ყველაფერი ამ ფილმის სცენარით ხდება'' - ებრალიძე პორტუგალიაში არსებულ ვითარებაზე
Aa
Aa

''ყველაფერი ამ ფილმის სცენარით ხდება'' - ებრალიძე პორტუგალიაში არსებულ ვითარებაზე

პორტუგალიური ''ლეიშოინშის'' ქართველი ფეხბურთელი ავთო ებრალიძე ლისაბონში პანდემიით გამოწვეულ რთულ ვითარებაზე CrystalSport-ს ესაუბრა. 

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, პორტუგალიაში 2 995 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 43 გარდაიცვალა და 22 გამოჯანმრთელდა.

''პორტუგალიის პრეზიდენტმა პანდემიისგან არსებულ ვითარებას ომი უწოდა. ქვეყანაში რთული ვითარებაა, თუმცა ომი, ვირუსისგან განსხვავებით, გაცილებით მეტი პრობლემის მომტანია.

ხალხი სახლში თავად ჩაიკეტა და მთავრობამ შემდეგ გამოაცხადა, რომ გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა. პორტუგალიელები თავიდანვე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისგან დისტანცია უნდა დაეცვათ და აქედან გამომდინარე, მგონია, რომ აქ არ მოხდება ის, რაც იტალიაში ან ესპანეთში ხდება.

ზოგადად, პორტუგალია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერი არაა, ეს ვითარება ეკონომიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ცხადია, ეს ყველას ესმის, მაგრამ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ჯერ ბრძანება არ ჰქონდა გაცემული, როცა ადამიანები რესტორნებსა და კაფეებს თავად კეტავდნენ.

მთელ დღეს სახლში ვატარებ, წიგნებს ვკითხულობ, ფილმებს და სერიალებს ვუყურებ. სახლის პირობებიდან გამომდინარე, ვცდილობ, მაქსიმალურად ვივარჯიშო. ვნახე რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ფილმი ''ინფიცირება.'' ფილმის სცენარი დღევანდელ რეალობას ძალიან ჰგავს. დღეს მსოფლიოში ყველაფერი ისე ხდება, როგორც ფილმშია.

Netflix-ზე ფორმულა 1-ის მეორე სეზონს ვუყურე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. თუ როგორ უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ. ფორმულა 1-ის პილოტებს ძალიან დიდი წნეხის ქვეშ უწევთ გამოსვლა. ძალიან საინტერესო დოკუმენტური სერიალია.

სახლიდან ხუთ დღეში ერთხელ გავდივარ პროდუქტების შესაძენად. თითქმის ორი კვირაა ადამიანები სახლში არიან და ერთმანეთისგან დისტანციას ინარჩუნებენ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები