კობიაშვილი: ''დარწმუნებული ვარ 26 მარტს დაგეგმილი მატჩი გადაიდება''
Aa
Aa

კობიაშვილი: ''დარწმუნებული ვარ 26 მარტს დაგეგმილი მატჩი გადაიდება''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია ''იმედის'' ეთერში კორონავირუსის გამო არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა. ''ფრაიბურგის,'' ''შალკესა'' და ''ჰერტას'' ყოფილი ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო-ბელარუსიას მატჩი გადაიდება.

''ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს მატჩი არ უნდა ჩატარდეს მაყურებლების გარეშე. ქომაგების გარეშე მატჩის ჩატარება ჩვენთის მიუღებელი იყო. სამშაბათს უეფა ვიდეოკონფერენციას გამართავს, სადაც ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის საქართველო-ბელარუსის მატჩის საკითხი.

ამ პირობებში წარმოუდგენელია, რომ ეს მატჩი 26 მარტს გაიმართოს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა არ გაიმართება, თუმცა თუ უეფა მატჩის გადადების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ და თამაშისთვის მოვემზადებით.''

ლევან კობიაშვილის აზრით ეპიდემია მსოფლიო ფეხბურთზე, დიდ თუ პატარა გუნდებზე დიდ გავლენას მოახდენს და კლუბები ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან.

''მთავარია სადამდე გაგრძელდება ეპიდემია. ყველა ვარიანტში ეს იქნება დიდი დარტყმა როგორც პატარა, ასევე დიდი კლუბებისთვის. საბოლოო ჯამში ეპიდემია ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს. ამ კლუბებს შემოსავალი ბილეთებიდან, სატელევიზიო გაყიდვებიდან და ევროტურნირებიდან აქვთ. ბუნებრივია ეს თანხები კლუბებს მოაკლდებათ. უეფაც დიდი პრობლემების წინაშე დადგება.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, შემდეგი კვირის ბოლომდე კლუბების წარმომადგენლებს შევხვდებით და მათ აზრს მოვისმენთ.''

კობიაშვილმა კიდევ ერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, პრეზიდენტის თქმით ფედერაცია უახლოეს პერიოდში საკუთარ სატელევიზიო არხს შექმნის: ''ახლო მომავალში ჩვენ გვექნება არხი GFF TV, სადაც საქართველოს ჩემპიონატის მატჩები გაშუქდება. ასევე, ვგეგმავთ ქართველი ლეგიონერების შეხვედრების ჩვენებას.''

შეგახსენებთ,უეფას მიერ დაგეგმილი ვიდეოკონფერენცია 17 მარტს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები