სიხარულიძე სეზონს შესანიშნავად იწყებს: 4 გოლი 2 მატჩში
Aa
Aa

სიხარულიძე სეზონს შესანიშნავად იწყებს: 4 გოლი 2 მატჩში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე ტურში თბილისის ''ლოკომოტივმა'' ''მიხეილ მესხზე'' საჩხერის ''ჩიხურა'' 3:1 დაამარცხა, თუმცა ნომინალურ მასპინძლებად  იმერული გუნდის ფეხბურთელები ითვლებოდნენ.

ანგარიში ''ჩიხურამ'' გახსნა, დავით კირკიტაძემ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესი კახაბრიშვილთან ორთაბრძოლისას დაარღვია. არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი კორიფაძემ ზუსტად შეასრულა.

36-ე წუთზე ''ლოკომ'' სწრაფი შეტევა განახორციელა, უბილავას ჩაწოდების შემდეგ სიხარულიძემ თავით ეფექტური გოლი გაიტანა.

53-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ დუბლი შეასრულა. ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი ''ჩიხურას'' საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს, პენალტი სიხარულიძემ ისე შეაგდო, რომ დინო ჰამზიჩმა რეაგირება ვერ მოახდინა. აღსანიშნავია, რომ სიხარულიძემ როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში დუბლი შეასრულა და ცხადია ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.

მატჩის საბოლოო ანგარიში ''ჩიხურას'' მცველმა გოდერძი მაჩაიძემ დააფიქსირა, რომელმაც 74-ე წუთზე ინჯგიას ჩაწოდების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში კახა კაჭარავას გაწვრთნილმა ''სამტრედიამ'' ''ეროსი მანჯგალაძეზე'' ქუთაისის ''ტორპედო'' 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მასპინძელთა აზერბაიჯანელმა ლეგიონერმა ნიჯატ ყურბანოვმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

პირველ ტურში ''ლოკომოტივთან'' მარცხის შემდეგ ''სამტრედიამ'' პირველი სამი ქულა მოიპოვა. რაც შეეხება ''ტორპედოს,'' ქუთაისური გუნდი პირველ ტურში ''დილასთან'' 0:2 დამარცხდა. ასე რომ კლუბს ჯერ ქულა არ მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია.

ფოტო/ვიდეო: ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები