Aa
Aa

ნაპოლი VS ბარსელონა - მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ფრე - 1:1 ითამაშა. შეხვედრაში ანგარიში დრის მერტენსმა გახსნა, რომელიც ამ გოლით „პარტენოპეის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ მარეკ ჰამშიკს გაუთანაბრდა - ორივეს აქტივში 121 შედეგიანი დარტყმაა. „ბარსასგან“ კი თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა.

ბოლო წუთებზე არტურო ვიდალი გააძევეს, რომლის გარდაც განმეორებით მატჩში ასევე დისკვალიფიცირებული ბუსკეტსი ვერ ითამაშებს.

გუნდები ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში დაუმარცხებლები არიან, თუმცა ამ მთავარი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ტურნირზე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს. თავად ჯენარო გატუზოსა და კიკე სეტიენისთვისაც, მწვრთნელების რანგში, საჩემპიონთალიგო დებიუტი იყო.

ჯენარო გატუზო: „მათ შეტევაში ბევრი ვერაფერი შექმნეს, შემდეგ კი შეცდომა დავუშვით და გოლი მივიღეთ. ისინი ხშირად გვიტევდნენ, რადგან ჩვენ ძალიან ფრთხილად და გუნდურად ვთამაშობდით.

იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ჩვენ მიერ დაშვებული მხოლოდ ერთი შეცდომა, მათ მომენტალურად გოლად აქციეს. ასევე იმითაც, რომ წინ უფრო ეფექტურად თამაში შეგვეძლო. მართალია, ტაქტიკურად თითქმის იდეალურად ვმოქმედებდით, მაგრამ მაინც დამწუხრებულები ვართ, რადგან უკეთესად თამაშიც შეიძლებოდა.

„კამპ ნოუზე“ ჩვენი მიზანი საჯარიმოდან უფრო მაღლა ამოწევა და შორს თამაში იქნება. ჯერ არაფერი დასრულებულა, თუკი შანსებს გამოვიყენებთ, შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ბარსელონაში ჩავალთ და 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებას შევეცდებით.“

კიკე სეტიენი: „საერთო ჯამში, ჩვენთვის პოზიტიური შედეგია. თამაშის უდიდეს ნაწილს ვაკონტროლებდით, თუმცა ბოლო ნახევარ საათში მათი ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ რაღაც დაგვაკლდა.

„ნაპოლი“ თავის ფეხბურთს კარგად თამაშობდა და თავსაც მშვენივრად იცავდა, ჩვენ კი მათ კონტრშეტევებს ეფექტურად ვანეიტრალებდით.

საპასუხო მატჩში სერხიო ბუსკეტსი და ვიდალი არ გვეყოლება და ამ დანაკლისის შესავსებად გამოსავლის მოძებნა მოგვიწევს“.

უეფა-მ გუშინდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ბუსკეტსი დაასახელა. გუნდები განმეორებით მატჩს 18 მარტს, ბარსელონაში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები