Aa
Aa

"როცა ის პროდუქტიულია, სეტონ ჰოლი Final Four-ის დონის გუნდია" - ESPN-მა მამუკელაშვილი გამოარჩია

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, ESPN-მა NCAA-ს საკალათბურთო გუნდების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლიც“ მოხვდა. „მეკობრეებმა“ მერვე ადგილი შეინარჩუნეს და წარმატებული სვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვთ.

„ქსავიერთან“ საკუთარ კედლებში განცდილი 12-ქულიანი მარცხი Big East-ის კონფერენციის რეგულარული სეზონის ტიტულისკენ მიმავალი „სეტონ ჰოლისთვის“ მოულოდნელობა გახლდათ. „ქსავიერთან“ წაგების შემდეგ, „მეკობრეებმა“ „ჯორჯთაუნი“ და „ვილანოვა“ დაამარცხეს და სეზონის დასრულებამდე შვიდი მატჩით ადრე, კონფერენციას ლიდერობენ. ისინი უშუალო კონკურენტს 3 მოგებით უსწრებენ.

„სეტონ ჰოლს“ საკმაოდ ჩუმი, მაგრამ ამავდროულად შთამბეჭდავი რეზიუმე აქვს. ამაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ ისაა, რომ სანდრო მამუკელაშვილი ტრავმამდელ ფორმას უბრუნდება. მან „ჯორჯთაუნის“ წინააღმდეგ 8 ქულა და 12 მოხსნა გაიფორმა, ხოლო „ვილანოვასთან“ 17 ქულითა და 8 მოხსნით გამოირჩა.

როცა მამუკელაშვილი სამწამიანში და პერიმეტრზე პროდუქტიულია, „სეტონ ჰოლი“ არამხოლოდ Big East-ის კონფერენციაშია საუკეთესო, არამედ Final Four-ის (NCAA-ს ფინალური ტურნირის, March Madness-ის ნახევარფინალში გასული გუნდები) დონის გუნდია. - წერს ESPN

შეგახსენებთ, რომ „სეტონ ჰოლს“ მიმდინარე სეზონში 18 მოგება და 5 წაგება, ხოლო კონფერენციის ფარგლებში 10 მოგება და 1 წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას „მეკობრეები“ 13 თებერვალს, მეორეადგილოსანი „კრეიტონის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები