Aa Aa
7 თებერვალი 2020  |  02:17

შენგელია საუკეთესო იყო - "ბასკონიამ" მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" 2-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში "ლიონ-ვილერბანი" 79-65 დაამარცხა.

ფრანგებმა მეტოქის წნეხს მხოლოდ პირველ ნახევარში გაუძლეს და დიდ შესვენებაზე ვიტორიელები 2-ქულიანი ფორით გავიდნენ. "ბასკონიამ" სოლიდური უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 23-14 მოიგო და კომფორტული ჰანდიკაპი საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

"ბასკონიას" წარმატებაში თორნიკე შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო და 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თოკომ 10-დან 5 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 15 გახლდათ. ვიტორიელთა მეორე ქართველს რაც შეეხება, ჯენინგმა მატჩი 10 ქულით დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ "ბასკონიამ" ევროლიგაში მე-9 გამარჯვება მოიპოვა და ფლეიოფის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. ბასკები მე-14 ადგილზე იმყოფებიან და მერვეადგილოსან "ვალენსიას" 2 მოგებით ჩამორჩებიან. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს გამართავს და საკუთარ კედლებში "ჟალგირისს" დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები