იოზილი: "ჩვენ იტალიის დამარცხება შეგვიძლია"!
გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მესუთ იოზილი იტალიასთან მოახლოებულ მატჩზე საუბრობს:
"ლაპარაკი იმაზე, რომ გერმანია დიდ ტურნირებზე იტალიას ვერასდროს უგებს, არასერიოზული და არაფრისმომცემია. ჩვენ კონკრეტულ მომენტში ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია".
"მარტში ამ მეტოქეს ძალიან მარტივად გავუსწორდით და ჩემი აზრით, დღესდღეობით, გერმანიის ნაკრები იმ დონისაა, როგორც მოვინდომებთ მატჩიც იმ შედეგით დასრულდება".
ამის შემდეგ იოზილს ანტონიო კონტეზე კითხეს, რომელმაც გერმანიის ნაკრებს საუკეთესო გუნდი უწოდა.
"ეს შესანიშნავი კომპლიმენტია. ჩვენ დაცვაში და შეტევაში თანაბრად, დაბალანსებულად ვთამაშობთ. ყველაზე მნიშვნელოვანია მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულოთ და თუ ასე იქნება, ხვალინდელ მატჩში წინ ვერავინ და ვერაფერი დაგვიდგება".
"როცა ტურნირი იწყებოდა, ვიცოდით, რომ იოლი მატჩები არ გვექნებოდა. თუ ჩემპიონობა გინდა, ყველა თამაში მაღალ დონეზე უნდა ითამაშო და რაც მთავარია, გამარჯვებას მიაღწიო. სიმართლე გითხრათ, ჩემპიონატის კონკრეტულ სტადიაზე რომელ ნაკრებს შევხვდებით, ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა". - დაიქადნა იოზილმა პრესკონფერენციისას.