Aa
Aa

"მეორედ დაფიქრება არ დამჭირვებია" - "იუვეს" 35-მილიონიანი ახალწვეულის პირველი კომენტარი

ტურინის "იუვენტუსის" ახალწვეულმა, დეიან კულუსევსკიმ, "ვეკია სინიორას" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა და კლუბში გადასვლით ბედნიერება გამოხატა.

"2020 წლის ამაზე უკეთესი დასაწყისი რთული წარმოსადგენია. ჩემი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემთან ერთად შრომობდა, მნიშვნელოვანი პერიოდია - ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ.

"იუვენტუსი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია და აქ თამაში ყველა დამწყები ფეხბურთელის ოცნებაა. როცა მათი წინადადება მივიღე, მეორედ დაფიქრება არ დამჭირვებია. 

"იუვეს" ფანებს მინდა ვუთხრა, რომ როცა ივლისიდან მათი საყვარელი გუნდის მაისურით თამაშს დავიწყებ, თითოეულ დღეს, თითოეულ ვარჯიშზე განვითარებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ძალას არ დავზოგავ, მათ ბედნიერება მივანიჭო".- ამბობს 19 წლის ნახევარმცველი.

შვედეთში დაბადებულმა კულუსევსკიმ, რომელსაც მაკედონიელი მშობლები ჰყავს, სერია A-ს პირველი წრე, განათხოვრების წესით, "პარმაში" გაატარა და 17 მატჩში 4 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.

"ბებერმა ქალბატონმა" თინეიჯერი სკანდინავიელის სატრანსფერო უფლებები 35 მილიონ ევროდ, "ატალანტასგან" გამოისყიდა, რასაც ეტაპობრივად დასაფარი, 9 მილიონი ევროს ოდენობის, ბონუსებიც დაემატება.

ტურინელები კულუსევსკის, იჯარის წესით, "პარმაში" დატოვებენ, სეზონის დასრულების შემდეგ კი ფეხბურთელი "ბიანკონერის" რიგებში გადაბარგდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები