ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "არსენალმა" არტეტას დანიშვნა დაადასტურა!

"კეთილი იყოს შენ დაბრუნება, მიკელ", - ლონდონის "არსენალის" ოფიციალური საიტი მიკელ არტეტას კლუბში დაბრუნებასა და მის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას ეხმაურება.

ესპანელმა სპეციალისტმა "მეთოფეებთან" 3.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის არხთან მწვრთნელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

"ეს უდიდესი პატივია, რადგან "არსენალი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ყველაზე პრესტიჟული ტურნირების მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ და ამას ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების დაწყებისთანავე მივხვდი.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ მიზნამდე მისასვლელად დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიწევს, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. მე რეალისტი ადამიანი ვარ და, ცხადია, არ მგონია, რომ ყველაფერი ერთ ღამეში შეიცვლება, თუმცა გუნდში მყოფ ფეხბურთელთა კონტიგენტი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. გარდა ამისა, აკადემიაში არაერთი ნიჭიერი მოთამაშეა". - აცხადებს "მეთოფეთა" ახალი დამრიგებელი.

მიკელ არტეტა "არსენალის" რიგებში 2011-16 წლებში თამაშობდა და ბოლო სეზონებში საერთოდ გუნდის კაპიტანი იყო. მან "მეთოფეების" მაისურით 150 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა, ტიტულატურაში კი მხოლოდ 2 FA CUP- აქვს.

37 წლის ესპანელი კარიერის დასრულებისთანავე პეპ გუარდიოლას ასისტენტი გახდა და მას "სიტიში" 3 წლის განმავლობაში ეხმარებოდა. სიმბოლურია, რომ არტეტას ლონდონური დებიუტი მის ყოფილ კლუბ "ევერტონთან" ხვალ გასამართი გასვლითი მატჩისას შედგება.

ლონდონელებმა უნაი ემერი ნოემბრის ბოლოს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც გუნდს რამდენიმე კვირით ფრედი ლიუნგბერგი თავკაცობდა - 1 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები