''ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებით არ წააგებთ'' - ახალი პრეზიდენტი და სატრანსფერო სიახლეები
Aa
Aa

''ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებით არ წააგებთ'' - ახალი პრეზიდენტი და სატრანსფერო სიახლეები

საფეხბურთო კლუბ ბათუმის ''დინამოს'' მფლობელმა არჩილ ბერიძემ გადაცემა ''სპორტკლუბში'' სტუმრობისას კლუბთან და ზოგადად ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.

არჩილ ბერიძემ დაადასტურა, რომ კლუბმა გიორგი ნავალოვსკისთან და ბრაზილიელ გაბრიელ რამოსთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმა, ხოლო ვაგნერ გონსალვეშთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ბრაზილიური წარმოშობის შემტევთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილია.

ბერიძის თქმით კლუბი მოლაპარაკებას საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ფეხბურთელთან აწარმოებს.

სახელმწიფოს როლი და ინვესტორები

''როცა გუნდი მეორე ლიგაში გავარდა, ფაქტობრივად არაფერი არსებობდა. ჩვენი მიზანი იყო გავაკეთოთ მაგარი ბათუმის ''დინამო,'' ავაშენოთ მაგარი ბათუმის ''დინამო,'' რითიც უნდა ვიამაყოთ. ეს არის გუნდში მოსვლის მიზანი და მიზეზი.

ბათუმის ''დინამოში'' მოსვლის შემოთავაზება გასულ წლებშიც მქონდა. 2012 წლამდე და 2013 წელსაც მივიღე წინადადება კლუბის მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს სხვა რეალობაა, ქართული ფეხბურთი სწორად ვითარდება და ამიტომ გადავწყვიტეთ კლუბში მუშაობა.

ეს ჰაერზე მოტანილი სიტყვები არაა, ფუნტამენტი ჩაყრილია, ვხედავთ რამდენი რამ კეთდება. გასულ წლებთან შედარებით დღეს უფრო მარტივია საფეხბურთო აკადემიის გაკეთება.

ჩვენ პრობლემას ჩვენს თავში ვეძებეთ. რაც შეეხება ''ჩიხურასთან'' მატჩს, მსაჯთან დაკავშირებით იგივე აზრზე ვარ, ამ თემაზე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა ვერ ვიქნები ობიექტური. ყველა კლუბის პრეზიდენტი სუბიექტური იქნება.

მსაჯის შეცდომასთან დაკავშირებით ეჭვი მქონდა, ამ თემაზე ყველა ვმუშაობთ როგორც ფეხბურთის ფედერაცია, ასევე თითოეული კლუბი.

ბოლო 2-3 წლის განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა, 20-დან 30-მდე ბუნებრივი საფარის მინდორი დაიგო, ოთხი თუ ხუთი აკადემია გაკეთდა. აკადემიები კიდევ კეთდება, რაც ნიშნავს რომ ფეხბურთის განვითარდება ხდება.

მოვუწოდებ ბიზნესმენებს, ჩადონ ქართულ ფეხბურთში ფული, აიღონ მაგალითი, არ წააგებენ.''

ახალი პრეზიდენტი

''რამდენიმე დღეში ბათუმის ''დინამოს'' ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელმაც კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა. ჩვენ სამწლიანი გეგმა გვაქვს, რის შემდეგაც, 3-წლიანი გეგმის შემდეგ კლუბის აქციების ქომაგებზე გადაცემას ვგეგმავთ.''

მთავარი მწვრთნელის შესახებ

''გია გეგუჩაძე არ არის მხოლოდ ბათუმის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელი. ის იმ საქმის კურატორია, რომლის დაწყებას ჩვენ ვაპირებთ. ვგულისხმობ საფეხბურთო სკოლას, აკადემიასა და დიდ გუნდს. ის შესანიშნავი სპეციალისტია, ერთად დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ სრულიად ვიზიარებთ გია გეგუჩაძის ხედვებს.''

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები