Aa
Aa

4 წითელი და 10 ყვითელი ბარათი - 5-გოლიანი დრამა და 21-წლამდელების მარცხი უმნიშვნელოვანეს მატჩში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა "ევრო 2021"ის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩი სტუმრად სლოვაკეთთან გამართა და 2:3 დამარცხდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და კოხრეიძეს გოლის გატანა უკვე მე-2 წუთზე შეეძლო, თუმცა კარგი შანსი ვერ გამოიყენა. პირველ გოლამდე ლოდინი დიდხანს არ დაგვჭირდა - მე-8 წუთზე, გიორგი კუციამ ნიკა მალის ბრწყინვალე პასი გამოიყენა და ეფექტური გოლი შეაგდო.

სწრაფი გოლის შემდეგ თამაში თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, დაახლოებით 25-ე წუთიდან კი სლოვაკები გააქტიურდნენ, რამაც ჩვენები ცოტა დააბნია და საბოლოოდ, ყველაფერი ანგარიშის გათანაბრებით დასრულდა, გოლი კოლეშარმა გაიტანა.

მე-40 წუთზე, ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქის ფორვარდი წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯისგან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რამაც "პატარა ჯვაროსნები" რთულ მდგომარეობაში ჩააგდო.

მეორე ნახევრის სტარტზე, სლოვაკთა კაპიტანმა ჰერცმა შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა და თავისიანები დააწინაურა, რასაც მალევე მესამე გოლი და შეხვედრის ბედის საბოლოოდ გადაწყვეტა მოჰყვა. 

83-ე წუთზე, სლოვაკებიც 10 კაცით დარჩნენ, რამაც შედეგად ქართველების გააქტიურება და 89-ე წუთზე შეცვლაზე გამოსული სპანდერაშვილის გოლი მოიტანა. დამატებულ წუთებზე ჩვენებს კიდევ რამდენიმე მომენტი შეექმნათ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოხერხდა და უაღრესად მნიშვნელოვან მატჩში, დასანანი მარცხი განვიცადეთ.

თამაშის ბოლოს ემოციებმაც იძალა, სლოვაკთა ერთ-ერთმა წევრმა პროვოკაცია მოაწყო, რამაც ჩვენების გაღიზიანება და გუნდი გუნდზე გაწევ-გამოწევა მოხდა. 

საქართველოს ნაკრებს 5 მატჩის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფის მე-3 ადგილზე იმყოფება. ჩვენები მომდევნო თამაშს 26 მარტს, ისევ სლოვაკეთის წინააღმდეგ, უკვე საკუთარ მოედანზე გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები