ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის მედულინში ემზადება
Aa
Aa

ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის მედულინში ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის ქალაქ მედულინში ემზადება. "ჯვაროსნებმა" გუშინ ძლიერი წვიმის ფონზე ივარჯიშეს. მის განკარგულებაში მყოფი 23 ფეხბურთელი ვლადიმირ ვაისმა 1 საათის განმავლობაში დატვირთა.

ხორვატიასთან გასამართ შეხვედრასთან დაკავშირებით, სფფ-ს პრესსამსახურთან კომენტარი ვაკო გვილიამ გააკეთა: 

"ხორვატიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუშინ მათ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წინ კარგი თამაში გველოდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება მოსამზადებელი თამაში მარტისთვის, როდესაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ მატჩს გავმართავთ. მნიშვნელოვანია, რომ ამხანაგურ შეხვედრაში ყველა ის მონახაზი გამოვცადოთ, რომელიც, შესაძლოა, ბელარუსთან გამოვიყენოთ და ყველაფრისთვის მზად ვიყოთ.

შესარჩევ ციკლში შეიძლებოდა უკეთ გამოვსულიყავით, ამის შანსი გვქონდა. სამწუხაროა, რომ ზოგ თამაშში ნაწილობრივ არ გაგვიმართლა. ახლა მთავარია, ერთა ლიგის პლე-იოფს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".

დღეს, თბილისის 19:30 საათზე, ვლადიმირ ვაისი წინასამატჩო პრესკონფერენციას გამართავს, 20:00 საათიდან კი ჩვენი გუნდი უკვე ვარჯიშს შეუდგება.

ხორვატიისა და საქართველოს შეხვედრა, ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათიდან, ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე პატარა ქალაქ პულაში, "ალდო დროსინას" სახლობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები