საოცარი შანსი:17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდთან ძალიან ახლოსაა
Aa
Aa

საოცარი შანსი:17-წლამდე ნაკრები ელიტ-რაუნდთან ძალიან ახლოსაა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მოხვედრის თეორიულ შანსს ინარჩუნებს. შესარჩევი ციკლის მეორე ტურში გიორგი ჩიტაურის გუნდი ჯგუფური ეტაპის მასპინძელ პორტუგალიას შეხვდა, საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა.

პორტუგალიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ხარატიშვილი, ზოსიაშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, აბუაშვილი, ო. მამაგეიშვილი, უბილავა.

შეცვლაზე შევიდნენ: დუნდუა, თურაზაშვილი, სიჭინავა.

ორი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე უკრაინა 6 ქულითაა, პორტუგალია 4 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ხოლო საქართველომ პირველ ტურში უკრაინასთან მარცხი განიცადა და 1 ქულით მესამე ადგილზეა. ალბანეთი 0 ქულით ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია.

მესამე ტურში საქართველო აუტსაიდერ ალბანეთს, ხოლო პორტუგალია ლიდერ უკრაინას შეხვდება. მატჩები 19 ნოემბერს შედგება.

საქართველოს ნაკრებს ელიტ-რაუნდში მოხვედრის შესანიშნავი შანსი აქვს. შესარჩევი ციკლის საუკეთესო 4 მესამეადგილოსანი ელიტ-რაუნდში ითამაშებს. საუკეთესო მესამეადგილოსნები პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გაირკვევა. ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან პორტუგალიასთან არ დამარცხდა და ალბანეთთან მატჩში 1 ქულის მოპოვებაც მისაღები შედეგია. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გოლი არ გაუტანია და თუ ალბანეთთან მატჩიც უგოლოდ დასრულდება, ჩიტაურის გუნდი ელიტ-რაუნდში ისე მოხვდება, რომ გოლი არ ექნება გატანილი.

რაც შეეხება მეორე ადგილზე გასვლის შანსს, თუ საქართველო ალბანეთს დაამარცხებს და პორტუგალია უკრაინასთან დამარცხდება, საქართველოსა და პორტუგალიის ანგარიშზე 4-4 ქულა იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ მათი დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა, მეორეადგილოსანი გატანილი და გაშვებული გოლების მიხედვით გაირკვევა. ორი ტურის შემდეგ პორტუგალიამ 4 გოლი შეაგდო და 0 გაუშვა, ხოლო საქართველოს გოლი არ გაუტანია და უკრაინასთან მატჩში 2 გოლი გაუშვა. ასე რომ ჩიტაურის გუნდმა მეორე ადგილზე გასვლა, რომ შეძლოს ალბანეთს მინიმუმ 6 გოლი უნდა გაუტანოს და პარალელურ მატჩში უკრაინამ მოიგოს ისე, რომ პორტუგალიამ ვერ გაიტანოს.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები