Marca -
Aa
Aa

Marca - "ბარსელონას" პრობლემა - კავშირი, რომელიც არ არსებობს

ლიონელ მესიმ და ანტუან გრიზმანმა ერთმანეთთან კავშირი ვერა და ვერ დაამყარეს. „ბარსელონას“ წარუმატებელი გამოსვლის და გუნდში არსებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ ეს გახლავთ. გრიზმანი თავის პოზიციაზე თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და „ბლაუგრანას“ ლიდერთან სათანადო კავშირის არქონის გამო, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მას მატჩის მიმდინარეობასთან და თანაგუნდელებთან საერთო არაფერი აქვს.

„ბარსელონას“ ქომაგთა სამწუხაროდ გამონაკლისი არც „სლავიასთან“ გამართული შეხვედრა ყოფილა. ჩეხებთან დაპირისპირებაში გრიზმანმა და მესიმ ერთმანეთს მხოლოდ 4! გადაცემა გაუკეთეს. წარმოიდგინეთ, 93 წუთის განმავლობაში „ბარსას“ ახალწვეულმა „ლა პულგას“ მხოლოდ ერთხელ უპასა, მესიმ კი მას ბურთი სამჯერ გადააწოდა! ეს იმაზე მიუთითებს, რომ მესისა და გრიზმანს შორის კავშირი არ არსებობს. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ლა პულგამ“ ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. დროთა განმავლობაში კი ვითარება გაუარესდა.

„ატლეტიკოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა „ინტერთან“ მატჩის წინ მესიზე საუბრისას ასეთი განცხადება გააკეთა: „სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა დავამყაროთ და კავშირი გავაუმჯობესოთ“.

სამწუხაროდ რეალობა ის გახლავთ, რომ გრიზმანსა და მესის შორის პროგრესი არ ჩანს. ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებულ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 4 შეხვედრაში ხსენებულ დუეტს შორის სულ რაღაც 18 პასი გაკეთდა. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ამ 4 მატჩში მესიმ მხოლოდ 55 წუთი იუქმა, გრიზმანმა კი - 50.

მესი დემბელესთან და სუარესთან უკეთ თამაშობს

გასაკვირი არავისთვისაა, რომ მესი ლუის სუარესის გვერდით უფრო მეტ კომფორტს გრძნობს. ისინი, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 3 შეხვედრაში სუარესმა და მესიმ ერთმანეთს 32-ჯერ უპასეს.

უსმან დემბელესთან მიმართებითაც იგივე სიტუაციაა. მართალია ფრანგს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მაგრამ მას „ლა პულგასთან“ მშვენიერი ურთიერთობა აქვს. დემბელესა და მესის შორის 18 გადაცემა გაკეთდა, მაგრამ საგულისხმოა, რომ 22 წლის შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე სულ რაღაც 120 წუთი ითამაშა. ანსუ ფატიც ამ კატეგორიაში გადის. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგაზე მინდორზე მხოლოდ 84 წუთი გაატარა, მაგრამ მასსა და მესის შორის საშუალოდ 7-ზე ოდნავ მეტი პასი კეთდება.

ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ვალვერდეს ბევრი სამუშაო აქვს. მან უნდა მოახერხოს და „ბარსელონას“ ლიდერსა და ფეხბურთელს შორის, რომლის სანაცვლოდაც „ბლაუგრანას“ დიდი თანხა აქვს გადახდილი, კავშირი დაამყაროს. სამწუხაროდ ესპანელ სპეციალისტს ეს ჯერ არ გამოსდის და წარუმატებლობა შესაძლოა პოსტის დაკარგვად დაუჯდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები