Aa
Aa

ახალი რეკორდი! - რონალდუ ევროპის საკვალიფიკაციოზე ყველა დროის საუკეთესოა

პორტუგალიის ნაკრებმა „ევრო 2020“-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში სტუმრად ლიეტუვას ეროვნული გუნდი 5:1 გაანადგურა და ცხრილის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. პირენეელთა სუპერვარსკვლავმა, კრისტიანუ რონალდუმ, ლიეტუველთა კარში 4 გოლი გაიტანა, რაც ახალი რეკორდის დამყარების საფუძველი გახდა.

რონალდუმ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე უკვე 25 გოლი მოაგროვა, რაც ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე რეკორდი ირლანდიელ რობი კინს ეკუთვნოდა, რომლის აქტივშიც აღნიშნულ სტადიაზე გატანილი 23 გოლია, მე-3 ადგილზე კი, 20 გოლით, დანიის ნაკრების ლეგენდა და ამჟამად მთავარი მწვრთნელის ასისტენტი - იონ დალ ტომასონია.

„კარგი პერიოდი მაქვს, თუმცა მთავარია, რომ მთლიანად გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. ბედნიერი ვარ და ამ მომენტით სიამოვნებას ვიღებ, არა მხოლოდ გატანილი გოლების გამო, არამედ იმიტომ, რომ ბოლო წლებში ჩვენი ნაკრები სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაშობს.

დღესაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ახლა კი უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ორი უახლოესი მატჩიდან ერთ-ერთი საკუთარ მოედანზე გვაქვს და, ვფიქრობ, მინიმუმ 3 ქულის აღება საკმარისი იქნება“. - განუცხადა რონალდუმ ჟურნალისტებს.

საერთო ჯამში, კრიშტიანუს პორტუგალიის ნაკრებში 93 გოლი აქვს გატანილი, რითაც ის ერთადერთ ფეხბურთელს, სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების კუთხით რეკორდსმენ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება. დაეიმ ნაკრების მაისურით 109 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები