ხარაიშვილი:''ქართული ცეკვით აღნიშვნა წინასწარ არ დაგვიგეგმავს''
შვედური ''გიოტებორგის'' ქართველი ლიდერი გიორგი ხარაიშვილი შედეგიან სეზონს ატარებს. 23 წლის ქართველმა შემტევმა შვედეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა, ბოლო 4 მატჩში მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა.
გიორგი ხარაიშვილი CrystalSport-ს საკლუბო და სანაკრებო თემებზე ესაუბრა.
-‘‘ჰელსინგბორგთან’’ თამაშის შემდეგ ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა ჰენრიკ ლარსონმა შეგაქო და აღნიშნა, რომ ნათელი მომავალი გაქვს. ასეთი დონის ფეხბურთელისგან მიღებული კომპლიმენტი უფრო თავდაჯერებულს გხდის?
- რა თქმა უნდა კომპლიმენტი სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა ასეთი დონის ფეხბურთელი გაქებს, მაგრამ მხოლოდ კომპლიმენტზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ მახასიათებს, პირიქით ახლა უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.
- მეორე სეზონია შვედეთის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობ და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლები, თუმცა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი არ გეძლევა. უსამართლობის განცდა დაგეუფლა, როცა ამჯერადაც ვერ მოხვდი ნაკრების განაცხადში?
- რა თქმა უნდა მეწყინა, ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა მწვრთნელის კომპეტენციაში არ ვერევი და ჩემს თავზე მუშაობას ვაგრძელებ.
- სეზონის სტარტზე ლიდერთა შორის იყავით, მაგრამ ახლა მე-6 ადგილზე ხართ. რატომ ვერ შეძელით ჩავარდნის გარეშე ასპარეზობა?
- რამდენიმე თამაშში მატჩის მიწურულს არ გაგვიმართლა, თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგვიტანეს და ეს მატჩები ფრედ დასრულდა. სამწუხაროდ, ლიდერებთან ქულები დავთმეთ...
- შენმა ყოფილმა კლუბმა ''საბურთალომ'' ევროტურნირებზე პირველად იასპარეზა. როგორ ფიქრობ საქართველო ჩემპიონს წარმატების მისაღწევად რა დააკლდა?
- ვუყურე ''საბურთალოს'' თამაშებს. კარგი სტარტი ჰქონდათ, მაგრამ ის შედეგი რაც მივიღეთ გამოცდილების არქონის ბრალია. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ამ თამაშებში ''საბურთალოს'' ყველა წევრმა სული და გული ჩადო.
- ‘‘საბურთალოში’’ თამაშისას ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, რომ თავით იშვიათად გაგქონდა გოლები. გასულ თვეში ‘‘კალმარს’’ თავით გაუტანე. როგორ ფიქრობ დახვეწე ეს კომპონენტი?
- ახლაც იგივე აზრზე ვარ. არ ვფიქრობ, რომ ერთი გოლის გატანით თავით თამაში დავხვეწე.
- გასულ ტურში ''სუნდსვალთან'' გატანილი გოლი ქართული ცეკვით აღნიშნე. რას უყვები ხოლმე თანაგუნდელებს საქართველოს შესახებ?
- თანაგუნდელები საქართველოს შესახებ ხშირად მისვამენ კითხვებს. ხშირ შემთხვევაში ცოტა რამ იციან საქართველოზე ან საერთოდ არაფერი. მათ ქართული ცეკვის ვიდეოებს ხშირად ვაყურებინებ და ძალიან მოსწონთ. ეს აღნიშვნა დაგეგმილი არ გვქონდა...
- სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ როცა მარტო რჩები რა სახის ვარჯიშებს ამუშავებ?
- აქცენტს ძირითადად სტანდარტულების უკეთ შესრულებაზე ვაკეთებ.
- შენი წარმატებული თამაშიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ‘‘გიოტებორგს’’ ტრამპლინად გამოიყენებ. გასულ ზაფხულში ხომ არ გქონდა უფრო ძლიერ კლუბში ან უფრო ძლიერ ჩემპიონატში გადასვლის შანსი?
- როგორც ვიცი ინტერესი იყო, თუმცა სხვა არაფერი ვიცი. ახლა ''გიოტებორგში'' ვარ და სამეულში მოხვედრისთვის ბრძოლას ვაგრძელებ.
- გასულ ზაფხულში ‘‘გიოტებორგმა’’ 18 წლის ბენჟამინ ნიგრენი 4 მილიონ ევროდ ‘‘გენკში’’ გაყიდა. შენი აზრით რამდენად დიდი პოტენციალი აქვს მას, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს?
- ბენჟამინი ჩემი პატარა მეგობარია, ჩვენ ახლაც ხშირი და კარგი ურთიერთობა გვაქვს. მართალია ახლა მას პრობლემები აქვს სასტარტოში მოხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ მჯერა და ვიცი, რომ ის დიდ ფეხბურთს ითამაშებს.
მოამზადა დიმა შარიქაძემ