19 წლის ფეხბურთელმა ''ვიტ ჯორჯია'' მარცხისგან დამატებულ წუთზე იხსნა
Aa
Aa

19 წლის ფეხბურთელმა ''ვიტ ჯორჯია'' მარცხისგან დამატებულ წუთზე იხსნა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურში თბილისის ''ლოკომოტივისა'' და თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე თამაში ''ლოკომოტივის'' უპირატესობით დაიწყო, ირაკლი სიხარულიძეს გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა, ბურთი მეკარეს გაარტყა.

25-ე წუთზე ''ვიტ ჯორჯიას'' მეკარემ, ლევან ისერგიშვილმა საკუთარ საჯარიმოში გიორგი გოროზია თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა. პენალტი შონიამ დაარტყა და გაიტანა.

76-ე წუთზე ცვლილებაზე გამოსულმა შოთა შეყილაძემ კარისკენ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა, თუმცა ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა და ახლოს მყოფმა სიხარულიძემ კარისკენ დარტყმა ვერ მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ ''ლოკომოტივი'' დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, გამარჯვება ვერ მოიპოვა. მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ანდრო ნემსაძის ჩაწოდების შემდეგ ზურაბ მუსელიანმა მეორე სართულზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

19 წლის ზურაბ მუსელიანი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 4 გოლი შეაგდო. ''ლოკომოტივის'' გარდა ''ტორპედოს'' ორჯერ, ''დილას'' კი ერთხელ გაუტანა. გორულ კლუბთან გასვლით შეხვედრაში მუსელიანის გოლით ''ვიტ ჯორჯიამ'' 3 ქულა მოიპოვა. ასე რომ მისმა გოლებმა ''მცხეთა პარკის'' ბინადრებს 4 ქულა მოუტანა.

ზურაბ მუსელიანი 4 გოლით ''ვიტ ჯორჯიას'' საუკეთესო ბომბარდირია.

რაც შეეხება ლევან კორღალიძის გუნდს, ბოლო 5 თამაშიდან ''ლოკომოტივმა'' 3 მოიგო, ერთ შეხვედრაში დამარცხდა და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. 24 ტურში 36 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზეა, მესამეადგილოსან ''საბურთალოს'' 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მოქმედ ჩემპიონს 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

''ვიტ ჯორჯია'' 16 ქულით ბოლო ადგილზეა და უშუალო კონკურენტ ''რუსთავს'' 9 ქულით ჩამორჩება.

ფოტო/ვიდეო: ''ვიტ ჯორჯიას'' პრესსამსახური, ''ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები