სტარიჯს აშშ-ში და იტალიაში იწვევენ
29 წლის ინგლისელმა ფორვარდმა დანიელ სტარიჯმა კარიერა შესაძლოა MLS-ის ‘‘დი სი იუნაიტედში’’ გააგრძელოს. ESPN-ის ცნობით მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.
‘‘კალჩომერკატოს’’ მიხედვით სტარიჯით ბერგამოს ‘‘ატალანტაც’’ დაინტერესდა, რომელიც ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ბერგამოელები სტარიჯს წლიური ხელფასის სახით 1,4 მილიონ ევროს სთავაზობენ, პლუს ბონუსები წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში.
‘‘ლივერპულის’’ ყოფილი ფორვარდი თავისუფალი აგენტია და მასთან შეთანხმების შემთხვევაში დაინტერესებულ კლუბს სატრანსფერო თანხის გადახდა არ მოუწევს.
‘‘თაიმსის’’ ცნობით სტარიჯმა რამდენიმე შეთავაზება უკვე მიიღო. მათ შორის იყო ‘‘გალათასარაისა’’ და ‘‘ტრაბზონის’’ წინადადებები, თუმცა ფეხბურთელმა თურქეთში თამაში არ ისურვა.
სტარიჯმა პროფესიული კარიერა ‘‘ნისლიან ალბიონზე’’ გაატარა. ასპარეზობდა ‘‘მანჩესტერ სიტიში,’’ ‘‘ჩელსიში,’’ ‘‘ბოლტონსა’’ და ‘‘ვესტ ბრომვიჩში.’’ კარიერის საუკეთესო პერიოდი ‘‘ლივერპულში’’ გაატარა გასულ სეზონში იურგენ კლოპის გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.
მან ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო გათამაშება 2011-12 წლების სეზონშიც მოიგო, როცა ‘‘არისტოკრატების’’ ღირსებას იცავდა.