Aa
Aa

"დინამომ" ანდორაში მინიმალური სხვაობით იმარჯვა - მეორე ეტაპზე "გაბალაა"

ანდორული „ენგორდანის“ ბარიერი იოლად გადალახა თბილისის „დინამომ“, რომელმაც მეტოქეს მეორე შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 1:0 მოუგო.

თბილისელებმა საკუთარ არენაზე 6:0 იმარჯვეს, გუშინ ანდორაში კი გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და აბდელ მეჯუბის ერთადერთ გოლს დასჯერდნენ. 21 წლის მცველმა სტანდარტულის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ევროტურნირებზე მისთვის სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა.

მედიუბის გოლამდეც, რომელიც 81-ე წუთზე გავიდა, დინამოელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ. ანდორელები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა, 2-ჯერ კი ბურთი კარის ძელს მოხვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას ჟურნალისტების კითხვებს "დინამოელთა" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ჩისკო მუნიოსმა, უპასუხა და შეხვედრა შეაფასა.

“რთული მატჩი გამოდგა. შეხვედრის განმავლობაში საგრძნობ უპირატესობას ვფლობდით, თუმცა გოლის გატანა გაგვიჭირდა. მასპინძლები საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობდნენ.

საბოლოოდ, მეორე შეხვედრაც მოვიგეთ და ასევე მახარებს, რომ ეს ყველაფერი გოლგაუშვებლად მოვახერხეთ. ჩვენი მომდევნო მეტოქე საკმაოდ ძლიერი „გაბალაა“. შანსებს რაც შეეხება, 50:50-ზე შევაფასებდი. ხვალიდან უკვე „გაბალასთან“ შეხვედრებისთვის მზადებას ვიწყებთ“. - განაცხადა ესპანელმა.

„დინამო“და "გაბალა" 25 ივლისს - გაბალაში, ხოლო 1-ელ აგვისტოს თბილისში, "დინამო არენაზე" ითამაშებენ.

აქვე დავამატოთ, რომ საჩხერის „ჩიხურას“ მეტოქეც გაირკვა და ის შოტლანდიური „აბერდინი“ იქნება, რომელმაც ფინურ „როვანიემს“ მეორე თამაშიც იმავე ანგარიშით - 2:1 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები