დიდი მოლოდინი -
Aa
Aa

დიდი მოლოდინი - "მატჩი, რომლის სანახავად გულშემატკივარი უემბლიზეც არ დაეტევა"

დიდი ხანია სადავო აღარაა, რომ როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის მეტოქეობა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი და მრავლიცმომცველი დაპირისპირებაა.

გულშემატკივრები ორი ტიტანის უიმბლდონზე შეხვედრას 11 წლის განმავლობაში ელოდნენ და აი ისიც - ამ ტურნირზე აქამდე ნათამაშები 3 ფინალური ურთიერთშეხვედრის შემდეგ როჯერი და რაფა ერთმანეთის წინააღმდეგ 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ!

პირველი გადაკვეთა 2006 წლის ფინალი იყო, რომელიც შვეიცარიელის გამარჯვებით დასრულდა. „მაესტროს“ „მატადორის“ დასამარცხებლად 4 სეტი დასჭირდა - 6:0; 7:6; 6:7; 6:3. ფედერერმა ამ გამარჯვებით რიგით მე-8 დიდი სლემის ტიტული დაისაკუთრა, მაშინ რაფას მხოლოდ 2 როლან გაროსის ჩემპიონობა ჰქონდა აქტივში.

მეორე შეხვედრა შემდეგი წელს, ასევე სატიტულო მატჩში შედგა. გამარჯვებული ისევ ფედერერი გამოვიდა, თუმცა თამაში უკვე ხუთსეტიანი გამოდგა, თითქოს ესპანელი წლიდან წლამდე უმატებდა და, რეალურად, თურმე ასეც ყოფილა, რადგან შემდეგ წელს გამართული ფანტასტიკური ფინალი, რომელიც საჩოგბურთო გალერეის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ნაწილია, უკვე 22 წლის პირენეელის ტრიუმფით დასრულდა.

ეს ფინალი საუბრის ცალკე თემაა. თამაში 4 საათსა და 48 წუთს გაგრძელდა, თუმცა მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეწყდა და შუა დღეს დაწყებული მატჩი გვიან საღამოს დასრულდა.

ნადალმა პირველი და მეორე სეტი ერთნაირი ანგარიშებით - 6:4 აიღო, რასაც ფედერერმა ორ უდაძაბულეს და სუპერსანახაობრივ ტაიბრეიკზე მიღწეული წარმატებით უპასუხა, სეტებში 2:2 და „დისაიდერის“ დრო დგება. თუმცა, სანამ როჯერი მეხუთე სეტამდე მივიდოდა, მან ტაიბრეიკზე 2:5 ჩამორჩენა აღმოფხვრა, შემდეგ ორი ჩემპიონშიფ-პოინტიც გადაარჩინა და შემოკლებული გეიმი 10:8 მოიგო.

მეხუთე სეტი! - 0:2-დან ამოქაჩული შეხვედრა და ზედიზედ მე-6 უიმბლდონის მოგების შანსი, მეორე მხარეს კი განიავებული 2:0 და უიმბლდონის ზედიზედ მე-3 ფინალში მარცხის საშიშროება. საჩოგბურთო სასწორი ისეთი დამძიმებულია, როგორც - არასდროს...

ერთმანეთის წინააღმდეგ ორი მეომარი იბრძოდა და ჩაწოდებებს ინარჩუნებდნენ, რამაც ისინი გადამწყვეტ სეტში, რომელშიც ტაიბრეიკი არ ინიშნებოდა და ბრეიკით წინ გასვლა იყო საჭირო, 7:7-მდე მიიყვანა. Vamos!!! - ნადალმა ეს გააკეთა, 8:7 და მატჩზე ჩაწოდების ჯერია.

40:40 - როჯერი დანებებას არ აპირებს, მაგრამ არაადამიანურად მაგარ ჩოგბურთელს სუპერათლეტის, სუპერჩოგბურთელის, სუპერტაქტიკოსისა და ტურნირის დამსახურებული ტრიუმფატორის დასამარცხებლად უკვე აღარაფერი გამოსდის! რაფაელ 6:4; 6:4; 6:7; 6:7; 9:7 ნადალი!!!

„მატადორი“ ჩემპიონია, ბიჭმა უიმბლდონის ლოჟას ზემოდან გადაუარა, საჩოგბურთო სამყაროს მწვერვალიდან გადახედა! ეს დიდი მეომრული გამარჯვება ბიძია ტონისაც ეკუთვნის, რომელიც მანაკორში 3 წლის რაფას დესპოტურად ექცეოდა და ვარჯიშს აძალებდა. თურმე, დამჯერ და მორიდებულ პატარა ბიჭუნას სწორედ ეს სჭირდებოდა. სწორედ ისეთი მეთოდი, რომელსაც ბევრი ვერ უძლებს, რომელიც ბევრს დათრგუნავს და ჩოგბურთზე ხელს ააღებინებს. ტონიმ იცოდა და სჯეროდა, რაფას კი ტონისი სჯეროდა და მის მითითებებს უხმოდ ასრულებდა. ასრულებდა, რათა ჩოგბურთის სიმბოლოსთვის ან თუ გნებავთ - თვით ჩოგბურთისთვის (ვინ იტყვის, რომ ფედერერს ეს ეპითეტი არ ეკუთვნის?!), ისეთი მატჩი მოეგო, რომელზეც ათწლეულების შემდეგაც ემოციებით ილაპარაკებდნენ და მისი საუკეთესო მომენტების კოლაჟის ყურებისას დროს ისევ დაპაუზება მოუწევდა. ჩართეთ, დავაპაუზოთ!


 

ამ აღმაფრთოვანებელი მატჩიდან 11 წლის შემდეგ ფედერერი უკვე 20 დიდი სლემის ტიტულის მფლობელია და ღია ერაში ეს რეკორდი მისია. რეკორდი, რომელსაც სწორედ 18-სლემიანი ნადალი ემუქრება.

ფედერერის თქმით, რამდენიმე კვირის წინ ნადალთან თიხაზე თამაში სასიამოვნო იყო, ახლა კი მის საყვარელ საფარზე დაპირისპირების ჯერია.

„მან ამ საფარზე თამაში წლიდან წლამდე გააუმჯობესა და ახლა გაცილებით სხვაგვარად თამაშობს, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა. ჩაწოდების სპეციფიკა შეცვალა და, ვფიქრობ, ახლა საკუთარი გეიმებისას ბევრად ძლიერია. შესანიშნავად აწვდის და ქულებსაც სწრაფად იღებს.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაფა მხოლოდ თიხის სპეციალისტია, მას ნებისმიერ საფარზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.

ჩვენ ერთმანეთთან ბალახზე, მართლაც, დიდი ხანია არ გვითამაშია და მშვენიერია, რომ შეხვედრა ისევ მოგვიწია“.

ნანახი 25-წუთიანი საჩოგბურთო ისტორიის მთავარი გმირი ფედერერთან უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე კიდევ ერთხელ შეხვედრით კმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ეს მისთვის ბევრს ნიშნავს.

„როჯერთან თამაში ყოველთვის უნიკალური მომენტია. მოხარული ვარ, რომ ამ კორტზე 11 წლის შემდეგ მასთან დაპირისპირება მომიწევს. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და, ვფიქრობ, მისთვისაც ასეა.

ყოველთვის ვამბობ, რომ თანდათან ჩვენი შეხვედრების ალბათობა იკლებს, თუმცა ჯერ ისევ აქ ვართ და ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა გვაქვს.

ველოდები ვეთამაშო მეტოქეს, რომელიც, შესაძლოა, ამ საფარზე ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია და ვიცი, რომ თუ ფინალში გასვლა მსურს, ჩემი მაქსიმუმი უნდა გამოვავლინო“.

როგორც უკვე ვთქვით, ჩოგბურთელთა მეოთხე საუიმბლდონე ურთიერთშეხვედრაა, ოღონდ - პირველი ფინალს მიღმა.

საერთო ურთიერთშეხვედრებში ნადალი 24:15-ს იგებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ წლევანდელ როლან გაროსამდე რაფა ფედერერს 5 წლის განმავლობაში ვერ ამარცხებდა, ამ დროში შვეიცარიელმა ზედიზედ 5-ჯერ იმარჯვა.

რაც შეეხება დიდი სლემის სხვა ტურნირებს: ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზე ნადალი 3:1-სა და 6:0-ს იგებს, უიმბლდონზე კი უკვე ბევრჯერ ნახსენები 2:1-ია. ამერიკის ღია პირველობაზე ლეგენდებს ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

შესაძლოა, ეს მატჩი დიდი სლემის ტურნირებზე ამ ეპოქალური ჩოგბურთელების ბოლო ურთიერთდაპირისპირებაც გამოდგეს. ვინ იცის...

„ასეთი მატჩისთვის, შესაძლოა, უემბლის სტადიონიც არ იყოს საკმარისი. ამ გასაოცარი მეტოქეების დაპირისპირების ხილვა უამრავ გულშემატკივარს სურს“. - ევროპული პრესა ლეგენდების მოახლოებულ შეხვედრას ეხმაურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები