Aa
Aa

სენსაციები და გოფის შეწყვეტილი ოცნება! - უიმბლდონის ქალთა მერვედფინალები

როგორც ყოველთვის, მოულოდნელი შედეგები გამოერია ქალთა თანრიგის მერვედფინალებში. სათამაშო დღე მსოფლიოს პირველი ჩოგნის მარცხით გაიხსნა. ეშლი ბარტიმ ალისონ რისკეს პირველი სეტი მოუგო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და რისკე დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს.

სერენა უილიამსმა კარლა სუარეს ნავაროს საქმე საათსა და 5 წუთში მოუმთავრა. ლეგენარულმა ამერიკელმა 6:2; 6:2 იმარჯვა და უიმბლდონის მეოთხედფინალში მე-14-ედ გავიდა, სადაც მისი მეტოქე სწორედ ბარტის დამმარცხებელი რისკე იქნება.

კიდევ ერთი ჰიპერსენსაცია მსოფლიოს მე-3 ჩოგან კაროლინა პლიშკოვასა და ჩეხ კაროლინა მუჩოვას შეხვედრაში დაფიქსირდა.

ჩოგბურთელებს გადამწყვეტ სეტში 24 გეიმის თამაში დასჭირდათ, პლიშკოვას კი მატჩზე ჩაწოდების საშუალება ორჯერ მიეცა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მუჩოვას გამარჯვებით დასრულდა - 4:6; 7:5; 13:11.

22 წლის კაროლინა მუჩოვა დიდი სლემის ტურნირების მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს, იგი ელინა სვიტოლინას შეხვდება, რომელმაც პეტრა მარტიჩს იოლად მოუგო.

15 წლის კოკო გოფის საოცნებო სვლა სიმონა ჰალეპმა შეწყვიტა. რუმინელმა ვარსკვლავმა თინეიჯერ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 6:3; 6:3-ით დაშორდა. ჰალეპის მომდევნო მოწინააღმდეგე ჩინელი შუაი ჟანი იქნება.

შეგახსენებთ, რომ, 15 წლისა და 122 დღის ასაკში, კოკო გოფი უიმბლდონის ძირითადი ბადის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა და სადებიუტო გათამაშებაში 1/8 ფინალამდე გააღწია.

დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მასპინძელთა მთავარ იმედ იოჰანა კონტასა და უიმბლდონის ორგზის ჩემპიონ პეტრა კვიტოვას შორის ჩატარდა.

კვიტოვამ თამაში კარგად დაიწყო და პირველი სეტი ერთადერთი ბრეიკით თავის სასარგებლოდ დაასრულა, თუმცა კონტამ სიტუაცია გამოასწორა და 3 სეტში - 4:6; 6:2; 6:4 იმარჯვა, რითაც 1/4 ფინალში კიდევ ერთ ჩეხ ბარბორა სტრიცოვაზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები