ცვლილებები ყველა რგოლში - არგენტინა პარაგვაისთან სახეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს
Aa
Aa

ცვლილებები ყველა რგოლში - არგენტინა პარაგვაისთან სახეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს

20 ივნისს, თბილისის დროით 04:30 საათზე არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკაზე მეორე შეხვედრას გამართავს. „ალბისელესტეს“ მეტოქე პარაგვაი იქნება.

პირველ ტურში კოლუმბიასთან უსუსურად დამარცხების შემდეგ, ლიონელ სკალონი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების განახორციელებას გეგმავს.

ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს. დავიწყოთ დაცვიდან. არგენტინული პრესა ვარაუდობს, რომ მარჯვენა მცველი რენცო სარავია, რომლის შეცდომებით გუნდმა 2 გოლი გაუშვა მოსალოდნელია, რომ შეიცვლება.

მილტონ კასკო - სწორედ ის სახელდება სარავიას სავარაუდო შემცვლელად.

სკალონის მიერ დასახელებულ განაცხადში ამპლუით მარჯვენა მცველი მხოლოდ ერთია, რაც ძალიან უცნაური გახლავთ. კასკო მარცხენა მცველია და მარჯვენა ფლანგზე სულ რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ნახევარდაცვას, გვიდო როდრიგესმა იმედები ვერ გაამართლა და მოსალოდნელია, რომ მის ადგილს „უოტფორდის“ ლეგიონერი რობერტო პერეირა დაიკავებს.

ცვლილება შეეხება შემტევ ხაზსაც. ანხელ დი მარია საკმაოდ სუსტად გამოიყურება და მის ადგილს სავარაუდოდ „უდინეზელი“ როდრიგო დე პაული დაიკავებს, რომელსაც სერია ა-ში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა.

თადარიგში დარჩენას უწინასწარმეტყველებენ სერხიო აგუეროსაც, რომლის ადგილს ძირითადში ლაუტარო მარტინესი დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები