Aa
Aa

ჩელსი VS არსენალი - მატჩის შემდეგ

ბაქოში გამართული ევროპა ლიგის 2019 წლის ფინალური შეხვედრა ლონოდნის "ჩელსის" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. "ლურჯებმა" თანაქალაქელ "არსენალს" შანსი არ დაუტოვეს და 4:1 დაამარცხეს, რითაც "ჩელსი" პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგა დაუმარცხებლად მოიგო.

"არისტოკრატთაგან" პირველი გოლი ოლივიე ჟირუმ შეაგდო, რომელმაც ტურნირზე მე-11 შედეგიანი დარტყმა მიითვალა და 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, უდავოდ, ედენ აზარი გახლდათ, რომელმაც დუბლს, საგოლე პასი დაუმატა, მეოთხე გოლი კი პედროს აქტივშია. "არსენალისგან" თავი ივობიმ გამოიჩინა.

60 წლის მაურიციო სარიმ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა, ხოლო უშუალოდ "არისტოკრატებმა" ევროპა ლიგის გათამაშება ისტორიაში მეორედ მოიგეს. გუნდმა 2013 წელს, ფინალურ მატჩში "ბენფიკას" აჯობა.

მაურიციო სარი: 

„ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. იანვარში და თებერვალში ჩვენ პრობლემები გვქონდა, თუმცა ამ პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერი გავაკეთეთ, თანაც პრემიერ ლიგაში, სადაც ყველაფერი სხვა დონეზეა და ბევრი სირთულეებია. საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ პრემიერ ლიგიდან მოვხვდით. ევროპა ლიგაზე 15 შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაგან 12 მოვიგეთ 3 კი ფრედ დავასრულეთ. ასე რომ ვფიქრობ ეს გამარჯვება დამსახურებულია. ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ. ფინალურ დაპირისპირებაში ჩვენ შედეგზე ვიყავით ორიენტირებულები. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ უფრო თამამად ეთამაშათ და ცოტა რისკზე წასულიყვნენ, რაც მეორე ტაიმში გააკეთეს კიდეც. რაც შეეხება ჩემს მომავალს. ჩემთვის სეზონი ახლა დასრულდა და პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელობას უნდა ვესაუბრო. არ ვიცი რა მოხდება, თუმცა უახლოეს მომავალში დიალოგი აუცილებლად შედგება. მაინტერესებს კლუბს რა შეუძლია ჩემთვის გააკეთოს და მე რა შემიძლია მათთვის. „ჩელსისთან“ კონტრაქტი მაქვს, მაგრამ სამომავლო გეგმები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ვფიქრობ „ჩელსიში“ დარჩენას ვიმსახურებ, თუმცა ეს ჩემი მოსაზრებაა.“

თუკი თასების მფლობელთა თასს არ ჩავთვლით, "არსენალს" ევროტურნირი არასდროს მოუგია. "მეთოფეებმა" უეფას თასის ფინალში 2000 წელს - "გალათასარაისთან" წააგეს, 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" დამარცხდნენ, "ჩელსისთან" მარცხი კი რიგით მე-3 წარუმატებელი მცდელობა გამოდგა.

უნაი ემერი: 

„ამ შეხვედრაში პირველი გოლი უმნიშვნელოვანესი იყო. გაშვებული გოლის შემდეგ ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, „ჩელსის“ კი ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომ შეცდომებს იშვიათად პატიობენ და შანსებს მაქსიმალურად იყენებენ. რაც შეეხება ჩვენს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენას, ვფიქრობ „არსენალი“ საფეხბურთო სამყაროში დიდებული კლუბია და აქ თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს. კლუბში სხვადასხვა პროცესები მიმდინარეობს და ერთი იდეის ირგვლივ ვმოქმედებთ. ვფიქრობ ეს იდეა არ უნდა შეიცვალოს და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლოთ. წლევანდელ სეზონში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ წარმატებული კლუბებისთვის შესაფერისი წინააღმდეგობა გაგვეწია, რაც გავაკეთეთ. თუმცა ამ მომენტისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად საკმარისი არ აღმოჩნდა.“

"ჩელსიმ" 14 აგვისტოს, სტამბულში თამაში გაინაღდა, სადაც უეფას სუპერ თასი გათამაშდება, "ლურჯებს" მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ეყოლებათ - "ლივერპული" ან "ტოტენჰემი", ეს 1 ივნისს, მადრიდში, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები