კაპიტანი წასვლაზე დაფიქრდა - რამოსს ევროპული გრანდები იწვევენ
Aa
Aa

კაპიტანი წასვლაზე დაფიქრდა - რამოსს ევროპული გრანდები იწვევენ

წარუმატებელი სეზონის შემდეგ სერხიო რამოსი მადრიდის ''რეალის'' დატოვების ვარიანტს განიხილავს. ინფორმაციას El Chiringuito ავრცელებს. 

Marca-ს ცნობით პერესისთვის რამოსის კლუბიდან შესაძლო აბარგების საკითხი მოულოდნელი არაა. პერესმა უკვე ორი კვირაა იცის, რომ რამოსი ზაფხულში სხვა ევროპულ კლუბში გადასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს.

აღნიშნულ თემაზე პერესსა და ფეხბურთელს შორის შეხვედრა რამოსის სახლში 15 დღის წინ შედგა. თავდაპირველად შეხვედრას ფეხბურთელის მამა და რამოსის ძმა რენე ესწრებოდნენ. ამავდროულად რენე რამოსის აგენტია.

როგორც Marca იუწყება, შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხბურთელის მამამ და ძმამ პერესი და რამოსი დატოვეს, რის შემდეგაც საუბარი პრეზიდენტსა და კაპიტანს შორის გაგრძელდა. მხარეები მოლაპარაკების გაგრძელებასა და ორივე მხარისთვის საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაზე შეთანხმდნენ. Marca-ს ცნობით საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

რამოსს ტურინის ''იუვენტუსი,'' ''მანჩესტერ იუნაიტედი'' და ''ლივერპული'' იწვევენ. ესპანელს კარიერის ჩინეთში გაგრძელების შანსიც აქვს.

სერხიო რამოსს ''რეალში'' მის მომავალთან დაკავშირებით კითხვები ''აიაქსთან'' მატჩის შემდეგ გაუჩნდა, როცა გასახდელში კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან იკამათა.

33 წლის კაპიტანმა მადრიდის ''რეალში'' 606 მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში 84 გოლი შეაგდო. რამოსი ''რეალში'' 2005 წელს ''სევილიადან'' გადავიდა.

რამოსი ''რეალთან'' ერთად ლა ლიგის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა (2006-07, 2007-08, 2011-12, 2016-17). ასევე ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი (2013-14, 2015-16, 2016-17 და 2017-18).

რამოსს ''რეალთან'' კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები