Aa
Aa

"როლან გაროსის" 5 გამორჩეული რეკორდი

საჩოგბურთო სამყარო სეზონის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის მოლოდინშია. პარიზში, „როლან გაროსის“ საჩოგბურთო კომპლექსი, საფრანგეთის ღია პირველობას 26 მაისიდან უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უკვე დაწყებულია, კვირას კი საქმეში „გიგანტებიც“ ჩაერთვებიან.

ტურნირი პირველად 1891 წელს გაიმართა, წლევანდელი გათამაშება ისტორიაში 123-ეა, განვლილმა 122-მა ჩემპიონატმა არაერთი გამორჩეული ფაქტი, მოვლენა თუ რეკორდი დაიტია. გავიხსენოთ „როლან გაროსის“ 5 ყველაზე დაუჯერებელი რეკორდი.

5. ჩემპიონი ყველაზე დაბალი განთესვით

ბრაზილიელმა გუსტავო კუერტენმა კარიერაში დიდი სლემის ერთადერთი ტურნირი მოიგო - „როლან გაროსი“ - 1997; 2000 და 2001 წლებში.

1997 წლის გათამაშებაზე კუერტენი 66-ე ნომრად იყო განთესილი და ნამდვილი ფურორი მოახდინა. სამხრეთ ამერიკელმა ფინალურ შეხვედრაში ესპანელ სერხი ბრუგერას 3 სეტში იოლად მოუგო, იქამდე კი გზიდან ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ევგენი კაფელნიკოვი, ჩამოიტოვა.

ტურნირის დასრულების შემდეგ ბრაზილიელი ATP-ს რეიტინგის მე-15 პოზიციაზე აღმოჩნდა და სეზონის ბოლომდე საუკეთესო ათეულშიც შეაღწია, ხოლო 2000 წელს საერთოდ მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა.

 

4. ყველაზე მეტი ეისი ერთ მატჩში

გიგანტმა ხორვატმა, ივო კარლოვიჩმა, რომლის სიმაღლეც 208 სმ.-ია, 2009 წელს, ლეიტონ ჰიუიტის ნერვებზე ითამაშა და მის წინააღმდეგ 55 ეისი შეასრულა.

ზოგადად, კარლოვიჩი ჩოგბურთის ისტორიაში 2015 წელს შევიდა, როცა გორან ივანიშევიჩის რეკორდი გააუმჯობესა და ამ სპორტის არსებობის განმავლობაში ყველაზე მეტი ეისი აქვს შესრულებული. 2019 წლის იანვრის მონაცემებით, ჩატარებულ 662 შეხვედრაში ივოს აქტივში 13 060 ეისია.

ხორვატ ბომბდამშენს წლევანდელ ტურნირზეც ვიხილავთ, არასახარბიელო სარეიტინგო შედეგის მიუხედავად, იგი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.

 

3. ყველაზე ახალგაზრდა და მხცოვანი ჩემპიონები

მამაკაცთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი ჩემპიონი, ამერიკელი მიქაელ ჩანია, რომელმაც 1989 წელს, „როლან გაროსი“ 17 წლისა და 3 თვის ასაკში მოიგო. ჩანმა ფინალში იმჟამინდელ მსოფლიოს პირველ ჩოგან ივან ლენდლს აჯობა. რაც შეეხება უხუცეს მამაკაც ჩემპიონს, ის ფრანგი ანდრე ვაშეროა, რომელმაც ტიტული 1941 წელს, 40 წლისა და 9 თვის ასაკში დაისაკუთრა.

მონიკა სელეშს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება, ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა სადებიუტო დიდი სლემის ტურნირი სწორედ პარიზში მოიგო - 1990 წელს, როცა 16 წლისა და 5 თვის იყო. თინეიჯერმა იუგოსლავიელმა ფინალურ მატჩში ლეგენდარული შტეფი გრაფი დაამარცხა. უნგრელმა ჟუჟა კორმოჩიმ 1958 წელს, პარიზში, 33 წლისა და 9 თვის ასაკში იმარჯვა.

 

2. ყველაზე ხანგრძლივი მატჩი

2004 წლის 25 მაისს, საჩოგბურთო სამყაროს ყურადღება ფრანგების - ფაბრის სანტოროსა და არნო კლემანის დაპირისპირებამ მიიპყრო. „როლან გაროსის“ პირველ წრეში დამარცხება არცერთს არ სურდა, რამაც მაყურებელს ბრწყინვალე სანახაობა აჩუქა.

სანტორო სეტებში 2:0 დაწინაურდა, თუმცა კლემანმა, უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე, წონასწორობა აღადგინა და საქმე გადამწყვეტ პარტიამდე მივიდა, რომელიც დრამატიზმით აღსავსე გამოდგა.

საბოლოოდ, სანტორომ 16:14 იმარჯვა, მატჩის დასრულების შემდეგ ემოციები ვერ დამალა და გამარჯვება ცრემლითაც დაასველა.

 

1. ყველაზე მეტჯერ მოგებული ტიტული

რაფაელ ნადალი აბსოლუტური რეკორდსმენია და მან საფრანგეთის ღია პირველობის მოგება 11-ჯერ შეძლო. თანაც, ესპანელმა ყველა ჩემპიონობა ერთეულთა თანრიგში იზეიმა. 32 წლის პირენეელი ბოლო დროს გრუნტზე დაუმარცხებელის შთაბეჭდილებას ვეღარ ტოვებს, თუმცა მომავალ ტურნირზე მაინც ულაპარაკო ფავორიტად უნდა ჩაითვალოს.

ასევე 11 საჩემპიონო ტიტული აქვს ლეგენდარულ მარტინა ნავრატილოვას, მან ჯილდოები 3 სხვადასხვა თანრიგში მოიგო. ჩეხმა 2-ჯერ ერთეულთა შორის იმარჯვა, 7-ჯერ - წყვილთა შებიბრებაზე, ხოლო 2-ჯერ შერეულ წყვილთა გათამაშების გამარჯვებული გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები