აპლოდისმენტები, პეტარდები და ნიღბები -
Aa
Aa

აპლოდისმენტები, პეტარდები და ნიღბები - "პარტიზანმა" 41 წლის ლეგენდა გააცილა

ბელგრადის „პარტიზანმა“ კლუბის ცოცხალ ლეგენდას, საშა ილიჩს ღირსეული გაცილება მოუწყო. 41 წლის ფეხბურთელმა საშინაო კედლებში სერბული გუნდის მაისური უკანასკნელად „პროლეტერის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოირგო.

 

საშინელი წვიმის მიუხედავად მატჩს ათასობით გულშემატკივარი დაესწრო და ვეტერანის მიმართ პატივისცემა გამოხატა. „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა ილიჩი 82-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანა. შეცვლას ქომაგები აპლოდისმენტებითა და ოვაციებით შეეგებნენ და პეტარდები აანთეს.

მატჩის დაწყებამდე „პარტიზანის“ ფეხბურთელები სავარჯიშოდ ილიჩის მაისურითა და ნიღბებით გამოვიდნენ. შეხვედრის შემდეგ კი საშამ გულშემატკივრებს შეახსენა, რომ ყველაფერი წინაა: „ჯერ არაფერი დასრულებულა. ხუთშაბათს თამაში გვაქვს და მინდა ქომაგებს თასის მოგებით დავემშვიდობო“.

„შევამჩნიე, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები და ბურთის მიმწოდებელი ბიჭუნები ტიროდნენ, თუმცა ამან სიძლიერე შემმატა. იმედი მაქვს ისინი კლუბის მომავალს შექმნიან და „პარტიზანის“ ლიდერებად ჩამოყალიბდებიან".

ილიჩმა კარიერა „პარტიზანში“ დაიწყო და შემდეგ ევროპის რამდენიმე გუნდში იასპარეზა. საშა მშობლიურ კლუბს 2010 დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები